20:18 | 2020-04-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

საქართველოში ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან მიმართვიანობა გაიზარდა

საქართველოში ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან მიმართვიანობა გაიზარდა

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან მიმართვიანობა გაიზარდა

 

კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოს ცხოვრების რიტმი შეცვალა. პანდემიამ ადამიანები გარკვეული სტრესის ქვეშ მოაქცია. ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებულად უჭირს, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ვირუსულად გადამდებ პანიკას. უმეტესად ფსიქოლოგიური დახმარება კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს სჭირდებათ.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში განუცხადეს, ბოლო პერიოდში სტაციონარში პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა.

 

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად კი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ახალი სერვისი შეიქმნა. ამისათვის ამოქმედდა ვებგვერდი  http://www.addiction.ge/ ონლაინ კონსულტაციის მიღების მიზნით. მომხმარებელს ონლაინ ჩატის მეშვეობით, ყოველ საღამოს, 19.00 საათიდან 22.00 საათამდე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქოლოგები გაუწევენ დისტანციურ დახმარებას. იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტოზური მკურნალობა გახდა საჭირო, მაშინ პაციენტს ფსიქიატრთან ამისამართებენ.

 

„პრაიმტაიმი“ ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილს ესაუბრა.

 

„ეპიდემიებისა და პანდემიების ეპოქაში, დაავადებისგან გამომდინარე, არსებულ რისკებს ემატება ფსიქიკური დისკომფორტი და ასევე, არსებული ფსიქიკური აშლილობების გამწვავებები. აქედან გამომდინარე, განსხვავებული არც covid19-ის პანდემია აღმოჩნდა. ამ პერიოდში, მნიშვნელოვნად მოიმატა თვითიზოლაციისა და კარანტინის მოთხოვნებმა, რამაც დისკომფორტი შეუქმნა რეალურად მოსახლეობის ფართო ფენებს.

 

პანდემიებისა და ეპიდემიების დროს, ყველაზე ხშირად მატულობს: შიში, შფოთვა როგორც საკუთარი, ისე – საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მომართვიანობა მომატებულია, თუმცა უფრო მეტად გვაქვს არა მწვავე ფსიქიატრიული პრობლემები, არამედ – ფსიქოლოგიური მდგომარეობები, რაც განსაკუთრებით კარგად ვლინდება ჩვენი ფსიქოლოგიური დახმარების ონლაინ ჩატში, მოქალაქეთა მონაწილეობის აქტივობიდან გამომდინარე.

 

მათი უმრავლესობა საუბრობს არა მძიმე ფსიქიატრიულ პათოლოგიაზე, არამედ იმაზე – თუ როგორ გაუმკლავდნენ სტრესს, რომელიც მოჰყვა კარანტინში ყოფნას. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა აკვიატებულ მდგომარეობათა გამწვავება. ადამიანებს, რომლებსაც ისედაც ჰქონდათ დაავადების შიში, ამ პანდემიის პირობებში, უმწვავდებათ ეს განცდა.

 

ძალიან ბევრი ჩვენივე პაციენტი მოგვმართავს მიმდინარე პრობლემების გამო, ასევე – ის პაციენტებიც, რომლებსაც წლებია არ მიუმართავთ ექიმებისთვის.“- აცხადებს ნინო ოკრიბელაშვილი.

 

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი განიკურნა. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 132 გამოჯანმრთელებულია. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.

 

რაც შეეხება, ინფიცირებულთა რიცხვს, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 431-ია.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 ადამიანი , ხოლო სტაციონრში 571 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X