
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ოთხიდან 1 პაციენტის წყარო სომხეთში მყოფ პირთან კონტაქტია, რომელიც ასევე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. 3 კი ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს.
„დილით გვქონდა 170 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრში ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტირება და 4 დადებითი პასუხი მივიღეთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 174 პაციენტია დადასტურებული. ამ ოთხი პაციენტის წყარო არის სხვადასხვა. ერთი პაციენტის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, დანარჩენი სამის კი ეროვნული ბანკი. ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არ არის. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 174 შემთხვევა დადასტურდა. აქედან, 2 პაციენტი გარდაიცვალა, 39 კი გამოჯანმრთელდა.






















