
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.
„მეთექვსმეტე პაციენტს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და მას უარყოფითი პასუხი აქვს, თუმცა კლინიკა ჯერჯერობით არ დაუტოვებია. სულ 16 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. 15 ჩვენს ცენტრში (ინფექციურ საავადმყოფოში), ხოლო ერთი – საჩხერეში“, – ამბობს ეზუგბაია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 16 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 534 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
- 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 90-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















