
ამ დროისთვის კორონავირუსზე 2 200-ზე მეტი ადამიანია გატესტილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ბევრი კითხვა არის ხოლმე და მე მინდა ვთქვა, რომ დადასტურებული 110 შემთხვევა არის 2 200-ზე მეტი ტესტირებულიდან. რომ ვიცოდეთ და კითხვები არ იყოს.
2 200-ზე მეტი ადამიანია გატესტილი PCR მეთოდით, გინდა სწრაფი დაუძახეთ, ამაზე სწრაფი მგონი სხვა ქვეყანაში არ არსებობს“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















