
საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ჩატარებულ კვლევაში – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გასულ წელს წარმოადგინეს, აღნიშნულია, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ეკონომიკური ძალადობა, საშუალოდ, ყოველ მეხუთე ქალს განუცდია, დაახლოებით, ყოველი მესამე კაცი კი აცხადებს, რომ ამგვარი ქმედება ჩაუდენია.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ემოციური ძალადობა ყოველ მეხუთე ქალს განუცდია. როდესაც კაცებს ჰკითხეს, მიუმართავთ თუ არა ემოციური ძალადობის სხვადასხვა ფორმისთვის, მაგალითად, პარტნიორი სხვების თანდასწრებით დაუმცირებიათ, დამუქრებიან მისი ახლობლისთვის ზიანის მიყენებით, უარი უთქვამთ ერთ ოთახში დაძინებაზე, კაცების 24%-მა უპასუხა, რომ ამგვარი ქმედება ცხოვრებაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც ჩაუდენია. ეს დაადასტურა ქალების პასუხებმაც, მათი 21% თქმით, ამგვარი ძალადობა ცხოვრებაში ერთხელ ან მეტჯერ განუცდია.
კვლევის მიხედვით, ქალების 5%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან. როდესაც ქალებს ჰკითხეს სექსუალური ძალადობის გამოცდილების შესახებ, პარტნიორის ან იმის მხრიდან, ვინც იმხანად მათი პარტნიორი არ იყო, 5%-მა უპასუხა, რომ ასეთი რამ მომხდარა. როდესაც კაცებს ჰკითხეს, ჩაუდენიათ თუ არა ძალადობა ინტიმური პარტნიორის ან იმ ქალის მიმართ, რომელიც იმ დროისთვის მათი პარტნიორი არ იყო, კაცების 3%-მა უპასუხა, რომ ასეთი რამ გაუკეთებია.
.
რესპონდენტებს დაუსვეს კითხვები, რომლებიც, გაუპატიურების შესახებ, გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს ან მითებს შეიცავდნენ. აქაც, ქალებთან შედარებით, ძალადობა კაცებისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა. დაახლოებით, ყოველი მესამე კაცი მიიჩნევს, რომ, ზოგჯერ, ქალებს თავად უნდათ, რომ გააუპატიურონ, და რომ, გაუპატიურების შემთხვევაში, ქალის რეპუტაციის გამოკვლევაც აუცილებელია.
მნიშვნელოვანია, რომ კაცების ნახევარი და ქალების 30% მიიჩნევს, რომ გაუპატიურებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ქალი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს. შესაბამისად, სექსუალური ძალადობის ფარგლებში არ მოიაზრებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა შიში და სხვა სახის იძულება.
„გაუპატიურებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერება, ისევე, როგორც გაუპატიურების შემთხვევების იდენტიფიცირება, გაზრდილია და, შედეგად, ამ ნაწილში წარმოდგენილი დებულებები უფრო სტერეოტიპულად და რეალობისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევა“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევაში მონაწილეობდა 2408 რესპონდენტი.























