11:51 | 2021-05-15 ავტორი: Prime Time

საქართველოში ცხელი ამინდებია – იქონიებს თუ არა ამინდი გავლენას კორონავირუსის გავრცელებაზე

საქართველოში ცხელი ამინდებია – იქონიებს თუ არა ამინდი გავლენას კორონავირუსის გავრცელებაზე

ზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია გავრცელებას აგრძელებს. ტენდენციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ცივ ამინდებში, თბილ ამინდებთან შედარებით, ვირუსი უფრო აქტიურად ვრცელდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ზაფხული პანდემიის დასასრულის საწინდარია.

 

ზაფხული რომ ვირუსს ბევრს ვერაფერს აკლებს, ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაშიც განცხადება არაერთხელ გაკეთებულა.

 

რა ზემოქმედებას ახდენს ზაფხული კორონავირუსზე?

 

როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, ზაფხული კორონავირუსის გავრცელებას ანელებს, მაგრამ არ ანადგურებს.

 

„შარშან იყო განცდა, რომ ზაფხულში აგრესიულად არ წარიმართებოდა კორონავირუსული ინფექციის გავრცელება, თუმცა ვირუსმა გამოავლინა ის თვისებები, რომ მისთვის სეზონურობა დიდ გავლენას არ ახდენს.

 

ანუ ის ვრცელდება, როგორც ცხელ, ისე ცივ პერიოდში. თუმცა ძირითადად ვირუსის პიკური გავრცელების პერიოდი მაინც ცივ ამინდებს ემთხვევა, რადგან ხალხი ცივ სეზონზე ნაკლებად ანიავებს სივრცეს და უფრო მეტად ჩაკეტილია.

 

ცხელ პერიოდში კი ხალხი ღია სივრცეშია და კონტაქტებიც შედარებით არ არის მჭიდრო, ეს ყველაფერი ხელს უწყობს დაავადების ნაკლებად გავრცელებას“,- განაცხადა გოგინავამ.

 

შეგახსენებთ, საქართველო ვირუსის გავრცელების მხრივ, პიკურ პერიოდში იმყოფება, ქვეყანაში ყოველდღიურად 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

ავტორი: Prime Time

X