
გასულ წელს, ხურვალეთში მავთულხლართებთან მომღერალმა თემურ წიკლაურმა ოთხოზორია-ტატნუაშვილის სახელზე ხეები დარგო, ოკუპირებულ ხურვალეთში პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერა შეასრულა, კლიპისთვის ვიდეო კადრები გადაიღო და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობები, ე.წ. დინამიკები ოკუპანტებისკენ მიმართა. ეს მისეული პროტესტი იყო…
სწორედ იმ დღეს, როცა მომღერალი ხურვალეთს სტუმრობდა, “პრაიმტაიმს” ესაუბრა. გეგმები ბევრი ჰქონდა, ის გაზაფხულზე ხურვალეთში კონცერტის ჩატარებას გეგმავდა… ხურვალეთი ჩემი ბრძოლის ველია, ჩემი ბრძოლის იარაღი კი სიმღერააო, ამბობდა თემურ წიკლაური.
“პრაიმტაიმი” აწ გარდაცვლილ მომღერალთან ჩაწერილ ინტერვიუს ისევ გთავაზობთ:
„საშინელებაა, სატანის ნაშობ ხალხს რომ გადაეყრები. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სახელზე კიპარისები დავრგეთ. ეს ხეები კი გაიზრდება, მაგრამ როდემდე უნდა იყოს ეს მავთულხლართები, რა ვთქვა, როგორ შევაფასო, მე თვითონ არ ვიცი. ხის დარგვისას ვლოცულობდი, იქნებ ჩვენმა ლოცვამ, კურთხევამ კაი კაცობამ, შედეგი გამოიღოს. ვმღეროდი „მე შენ მიყვარხარ საქართველოვ დაუსრულებლად“ – მღვდლიაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერაა.
დინამიკი ოკუპანტების მხარეს მივმართე და მოვასმენინე. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ალბათ, მაინც მებრძოლები ვართ, სისხლი ამიდუღდა, სურვილი დიდი იყო დამენგრია იქაურობა. რატომ ხურვალეთი?
იქნებ მეც შევმატო რამე ამ ქართულ ბრძოლას?! ეს სიმღერა და კლიპი ჩემთვის იდეის გამოხატულებაა. სადაც ჩემს საქართველოს უჭირს, იქ წავედი. ჩვენი სახელოვანი ექიმი ჯიქურ ადგა და გადავიდა მავთულხლართებს მიღმა… უსაშველოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. მეტი რა მომეფიქრებინა, არ ვიცი… ხურვალეთი ჩემი ბრძოლის ველია, ჩემი ბრძოლის იარაღი სიმღერაა.
იქ ხეები დავრგეთ, სიმღერაზე „მე შენ მიყვარხარ საქართველოვ დაუსრულებლად“ ბესო ჩუბინიძესთან ერთად კლიპისთვის კადრები გადავიღეთ, მოხუცებს მოვეფერეთ, ხანდაზმულთა თავშესაფარს ვესტუმრეთ – ტკბილეული ჩავუტანე და ვუმღერე, ძალიან თბილი შეხვედრა იყო. ხურვალეთელებს შევპირდი, რომ კიდევ ჩავალ და კონცერტს ჩავატარებ. თუ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ადმინისტრაციის მხრიდანაც ამის სურვილი იქნება.“ – ამბობდა თემურ წიკლაური.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველასთვის საყვარელი მომღერალი – თემურ წიკლაური გარდაიცვალა.






















