
თინა ხიდაშელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, წელს იმის გამო, რომ საზღვარგარეთ იმყოფება, ხმის მიცემა არ შეუძლია, თუმცა სხვებს მოუწოდებს, რომ არჩევნებზე მივიდნენ.
„რაც სრულწლოვანი გავხდი პირველი არჩევნებია, ხმას ვერ ვაძლევ, რადგან ქვეყანაში არ ვარ. სასწაული განცდა მაქვს, თითქოს სამშობლოს ვღალატობ!
გულმა როგორ უნდა გაგიძლოს სახლში დარჩე არჩევნების დღეს? მით უფრო დღეს? იმ ყველაფრის შემხედვარემ რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ხდება, მგონი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მორიგ ჯერზე არ გადავჩეხოთ ქვეყანა სიძულვილისა და ანგარიშსწორების მორევში.
ახალი ძალების, ახალი იმედის დრო უნდა დადგეს! პარტიების, რომლებიც არც ბიძინა-“დამფუძნებლის” და არც მიშა -„შემქმნელის“ ორბიტაზე არ ტრიალებენ.
ძალაუფლებით შეპყრობილებს და ატაცნილებს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს ამომრჩეველმა! ძალაუფლება უნდა განაწილდეს! შეპყრობილებს ლაგამი უნდა ამოსდოს ამომრჩეველმა!
ნუ ეძებთ იდეალურ პოლიტიკურ ძალებს, ასეთს ვერ იპოვით ვერსად. არჩევანი ნამდვილად გვაქვს, ბევრი ახალი და იმედის მომცემი პარტიაა დღეს ქვეყანაში. მთავარია არ დავრჩეთ სახლში და შანსი მივცეთ სიახლეს!”,- წერს თინა ხიდაშელი.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























