13:24 | 2021-11-04 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“სავალდებულო ვაქცინაცია არ იგეგმება” – ხელისუფლების პასუხი სალომე ზურაბიშვილს

“სავალდებულო ვაქცინაცია არ იგეგმება” – ხელისუფლების პასუხი სალომე ზურაბიშვილს

გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ხელისუფლებას შესთავაზა ინიციატივა, რომლის თანახმად, რისკ ჯგუფბისთვის ვაქცინაცია სავალდებული უნდა იყოს.

 

აღნიშნული წინადადება მმართველ გუნდში შეაფასეს. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ამილახვარის თქმით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება.

 

“რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინას, ეს დამოკიდებულია საკოორდინაციო საბჭოს და მასში დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებზე. ამაზე თუ იქნება მსჯელობა, შესაძლებელია, გარკვეულ რისკ ჯგუფებზე მიიღოს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ და მთავრობამ, თუმცა პრემიერის განცხადება იყო, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება არანაირი სავალდებულობა არც ერთი სეგმენტისთვის. ამიტომ, ეს არის მოცემულობა, რომ მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას აძლევს, მათ შორის რისკჯგუფებს, რომ აიცრან, თუმცა ამ ეტაპზე სავალდებულობა ამ საკითხის არ განიხილება,“ – ამბობს გიორგი ამილახვარი.

 

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაციის ჩატარება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.

 

“უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინის მიღება დღეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინტერესის სფერო, ეს არის იმ პასუხისმგებლობის საგანი, რომელიც გაგვაჩნია ჩვენ, თითოეული ჩვენგანისა და სახელმწიფოს წინაშე. ასე რომ ეს საკითხები არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დღეს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, თუ წახალისების მექანიზმები როგორ უნდა მოხდეს, ეს არის კონკრეტული უწყების, ამ შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭოს კომპეტენცია,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, რიკ ჯგუფბისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს.

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X