
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციები ჯერ სამინისტროს არ აქვს, თუმცა ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს.
დღესდღეობით კონკრეტულ რეკომენდაციებზე ჩვენ შეთანხმებული არ ვართ.
როგორც მოგეხსენებათ, ამ ინტენსიური კომუნიკაციების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ არ უნდა შეიქმნას გარკვეული ეპიდსიტუაციის გაუარესება და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ სრული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
დაგაინტერესებთ:
ამასთან, ტრანსპორტის ამუშავებაზე მედიასთან განცხადებას აკეთებს „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული განყოფილების ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ გახსნა.
„მონაცემებით, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, არ იქნება ცუდი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა. ერთადერთი დათქმით, კარგი იქნება თუ ჩვენ დავაკვირდებით იმ შერბილების შედეგებს, რაც უკვე გაკეთდა. შერბილება საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. მესმის, რომ დრო ცოტა გვაქვს და მოსახლეობას ძალიან უჭირს ტრანსპორტის გარეშე გადაადგილება.
სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ გახსნა, – აცხადებს ვახტანგ კალოიანი.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის სავარაუდო დროს ასახელებს თბილისის მერი, კახა კალაძეც. ის აცხადებს, რომ ეს შესაძლებელი ივნისის დასაწყისში გახდება.
























