
სენაკის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში გოგიების ოჯახი მე-18 დღეა მიცვალებულს არ ასაფლავებს. ამის შესახებ გარდაცვლილი ქალის ინეზა გოგიას შვილი რამაზ გოგია აცხადებს.
„მანამდე არ დავასაფლავებთ, ვიდრე არ მოვა თბილისიდან ექსპერტიზის დასკვნა, ქუთაისს არ ვენდობით”,- ამბობს იგი.
გოგიას ოჯახი აბაშის საავადმყოფოს ექიმებს, არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს.
ახლობლების თქმით, ქალი სამი დღის განმავლობაში აბაშის საავადმყოფოში მკურნალობდა კოვიდინფექციის დიაგნოზით, მას იქ მედიკამენტი გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
აბაშის კლინიკიდან ოჯახმა პაციენტი ქუთაისში გადაიყვანა, სადაც დამძიმებული მდგომარეობის გამო გარდაიცვალა.
„ოჯახი სიმართლის დადგენას ითხოვს, ისინი ითხოვენ იმ მედიკამენტის დასახელებას, რაც პაციენტს გაუკეთდა აბაშის საავადმყოფოში. უმძიმესი თემაა სოფლისთვის და ზოგადად, არაჩვეულებრივი ქალბატონი გარდაიცვალა“, – გვითხრა სოფლის რწმუნებულმა რომა ბოჯგუამ.
სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტს აბაშის რაიონული პროკურატურა იძიებს.
თუ რამდენად ქრისტიანულია, ის რომ ოჯახი მიცვალებულს მე-18 დღეა არ ასაფლავებს, ამ შეკითხვით „პრაიმტაიმმა“ სენაკის საკათედრო ტაძრის წინამძღვარ, მამა იოანეს მიმართა.
„ოჯახში ვიმყოფებოდი, მიცვალებულს წესი ავუგე, ვესაუბრე გარდაცვლილი ქალის შვილებს, დანარჩენი კი ოჯახის გადასაწყვეტია“, – ამბობს მამაო იოანე.
დაგაინტერესებთ:
ავტორი: თეა შონია























