19:38 | 2020-06-08 ავტორი: თამარ გონგაძე

სერგო ფარაჯანოვის ცოლი გარდაიცვალა – უცნობი ფაქტები ქალზე, რომელსაც გენიოსის მფარველ ანგელოზად მოიხსენიებდნენ

სერგო ფარაჯანოვის ცოლი გარდაიცვალა – უცნობი ფაქტები ქალზე, რომელსაც გენიოსის მფარველ ანგელოზად მოიხსენიებდნენ

ორი დღის წინ გარდაიცვალა რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის ცოლი, უკრაინელი ფილოლოგი – სვეტლანა შერბატიუკი. მართალია, ამ განსხვავებულმა წყვილმა ერთად მხოლოდ ხუთი წელი იცხოვრა, თუმცა ცხოვრების ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ და სვეტლანას, სერგოს ახლობლები, ფარაჯანოვის მფარველ ანგელოზად თვლიდნენ. მას როგორც “ყოფილს”, არც მოიხსენიებდნენ, შესაძლოა იმიტომ, რომ ამ უცნაურ წყვილს შვილიც ჰყავს, სურენ ფარაჯანოვი.

 

რეჟისორ კოტე მირიანაშვილის დედა, გოგონა ვახვახიშვილი სერგო ფარაჯანოვის ძუძუმტე იყო, ორივეს გოგონას დედამ აწოვათ ძუძუ. როდესაც სერგომ ცოლად უკრაინელი სვეტლანა შეირთო, მშობლებთან გაცნობის შემდეგ, ახლდაშერთული ცოლი თელავში, დედობილთან ჩაიყვანა.

 

კოტე მირიანაშვილი “პრაიმტაიმთან” გენიოსი რეჟისორისა და მისი ცოლის ურთიერთობაზე ბევრ საინტერესო ფაქტს იხსენებს.

 

კოტე მირიანაშვილი: – როდესაც სვეტლანას გარდაცვალების ამბავი გავიგე თელავში, სწორედ იმ ოთახში ვიჯექი, იმ ადგილას და იმ ტახტზე, სადაც ამ 60 წელზე მეტი წლის წინ პირველად ვნახე. ეს პირველი ამბავია, რომელიც მე ბავშვობიდან მომყვება: დიდ ტახტზე მუთაქებში მიყუჟული და ცოტა შეშინებული ვუყურებ ლამაზ ქალს, რომელიც ოქროს თმებს ივარცხნის და ჩემთვის გაუგებარ ენაზე მეჟღურტულება.

 

აი, ასეთი იყო სვეტლანა, როდესაც სერგომ ახლადშერთული, ოქროსთმიანი, ზღაპრული სილამაზის პატარა გოგო ჯერ თბილისში ჩამოიყვანა მშობლებთან წარსადგენად და შემდეგ თელავში, ბებიაჩემთან, როგორც ის ეძახდა, “დედა ნინასთან” და თავის ძუძუმტესთან, გოგონა ვახვახიშვილთან…

 

Yuri Mechitov-ს ფოტო.

 

ულამაზესი გრძელი, ტალღოვანი, ჩალისფერი თმა ჰქონდა. 18 თუ 19 წლის იყო. ივარცხნიდა თმას და რუსულად მელაპარაკებოდა. მე მეშინოდა ეს უცხო ენა რომ არ მესმოდა.

 

სერგოს მამას მთაწმიდაზე შემოსავლიანი სამსართულიანი სახლი ჰქონდა. ზედა სართულზე ფარაჯანოვები ცხოვროდნენ, მეორე სართულზე – პაპაჩემი. დედაჩემი რომ გაჩნდა, ბებიას სეფსისი ჰქონდა და საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სერგოს დედას რძე არ ჰქონდა და ამიტომ ორივეს იეზიდი მეზობლის ქალი კვებავდა, რომელიც იმავე სახლის სარდაფში ცხოვრობდა. ანუ დედაჩემს – გოგონა ვახვახიშვილს და სერგო ფარაჯანოვს მესამე ძუძუმტეც ჰყავდათ, იეზიდი გოგო… ნამკურნალები ბებია რომ გამოვიდა საავადმყოფოდან, დედაჩემთან ერთად სერგოსაც კვებავდა რძით დიდი ხანი.

 

დედამ და სერგომ მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს, ვიდრე 1946 წელს მოსკოვში სასწავლებლად არ წავიდა ფარაჯანოვი. ის დედას საუკეთესო მეგობარი იყო, დას ეძახდა, “მაია სესტრა გოგონა”.

 

მოსკოვიდან თუ კიევიდან, თბილისში რომ ჩამოვიდოდა, მაშინვე მოდიოდა თელავშიც, ჩვენთან.
მოკლედ, ახლად ცოლშერთულ სერგოს, სანამ ის რვა საათი მგზავრობდა მატარებლით თბილისიდან თელავამდე, დედაჩემმა ერთი ოთახი მოუწყო. კარგად იცოდა სერგოს სიყვარული ძველი ავეჯისადმი, ჩვენ ახალი ავეჯი არც არასდროს გვქონია. დაახვედრა მშვენივრად მოწყობილი ოთახი და სვენტლანამ და სერგომ რამდენიმე დღე დაჰყვეს თელავში.

 

შეყვარებული მამაკაცის სიმბოლო - კახი 85 წლის გახდა
2020-06-05შეყვარებული მამაკაცის სიმბოლო - კახი 85 წლის გახდა

 

განსხვავებული წყვილი იყო, შავ-შავი სერჟიკა, სიმპათიური იყო ახალგაზრდობაში და თეთრი სვეტლანა. გამორჩეული ქალბატონი იყო ბუნებით და წარმომავლობით. მამამისი უკრაინის ელჩი იყო კანადაში, საბჭოთა კავშირის წარმომადგნელობაში მუშობდა. სვეტლანა კანადაში სწავლობდა. დიპლომატებს თავიანთი სკოლა ჰქონდათ და წარმოიდგინეთ, როგორი სკოლა იქნებოდა. ცოტა ხანი კრემლის სკოლაშიც სწავლობდა.

 

მოკლედ, ეს ულამაზესი და თან ასეთი ოჯახისშვილი ვიღაც გადარეულმა, 15 წლით უფროსმა დამწყებმა რეჟისორმა შეირთო ცოლად, რომელსაც ჯერ ერთი ფილმი ჰქონდა გადაღებული და მსოფლიოში სახელგანთქმული არ იყო.

 

სვეტლანა რუსული ლიტერატურის სპეციალისტი, განათლებული, პოეზიის მოყვარული, კეთილშობილი და თითქოს არა ამქვეყნიური ქალი იყო. მაგრამ მოგვიანებით პრაქტიკული ჩვევებიც შეიძინა.

 

სერგომ ვგიკის დასრულების შემდეგ პრაქტიკა უკრაინულ კინოსტუდიაში გაიარა. იქვე გაანაწილეს. ძალიან უყვარდა კიევი. იქ შედგა ფარაჯანოვი, როგორც რეჟისორი თავისი უკრაინული შედევრით „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, უკრაინის მთიელების ყოფაზე გადაღებული ფილმით.

 

ამ გენიალურ ფილმამდე ის საბჭოთა ფილმებს იღებდა. გაიხსნა ტალანტი და ხასიათის ფორიაქა თვისებებიც გამოავლინა. მოუსვენარი, ვერცხლის წყალი, წარმოსახვაში გადასული კაცი იყო და გამოუცდელი და ნებიერა გოგოსთვის ასეთ კაცთან ცხოვრება რთული აღმოჩნდა. 5-6 წელი იცხოვრეს ერთად. შვილს თავისი მეგობრის, სომეხი ოპერატორის სახელი დაარქვა.

 

Сергей Параджанов. Судимости по 122-й статье УК . Материалы дела ...

 

სხვათა შორის, ფილმის „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ თბილისურ პრემიერაზე ჩამოიყვანა ფილმის მთელი შემოქმედებითი ჯგუფი და იყვნენ თელავშიც. ბებიაჩემს – დედა ნინას (როგორც სერგო ეძახდა) ყველა მათგანი უჩოქებდა და ხელზე კოცნიდნენ. ეს იყო სერგოს სურვილი. უცებ რას მოიფიქრებდა, არავინ იცოდა. აბა მაშინ სად იყო ფოტოაპარატი რომ ეს საოცარი სანახაობა გადაგვეღო…

 

სვეტლანასთან გაყრის შემდეგ ფსიქიატრიულშიც იწვა სერგო. მას სვეტლანამდე საცოლე მოუკლეს თვალწინ. მოსკოვში სტუდენტობის დროს გაიცნო მუსულმანი გოგო, თუ არ ვცდები, ყირგიზი, რომელიც მოლარედ მუშაობდა.

 

ამ გოგოს ძმებმა, და, ადათის დარღვევის გამო და ასე გათხოვებისთვის დასაჯეს – გაქანებული მატარებლის ქვეშ ჩააგდეს სერგოს თვალწინ! ამ ამბავზე სერგო არასდროს ყვებოდა… მერე, როდესაც ამ უკრაინულმა ფილმმა ტრიუმფალური სვლა დაიწყო, რომელშიც უზარმაზარი ადამიანური და შემოქმედებითი რესურსი ჰქონდა სერგოს ჩადებული, ფარაჯანოვი ჭკუიდან სულ შეიშალა.

 

ფარაჯანოვმა უკრაინელები გააღიზიანა – თქვენი ეროვნული კინემატოგრაფია მე შევქმენიო. უკრაინელები ცნობილი ნაციონალისტები არიან და სომეხი რომ ამას იტყვის, წარმოიდგინეთ, რა ჭკუაზე დადგებონენ. მსგავსი ნაციონალური ფილმი, როგორიც “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებია“, მართლა არ აქვთ უკრაინელებს.

 

Умерла вдова Параджанова - портал новостей LB.ua

 

მერე ფარაჯანოვი მამათმავლობის გამო ჩასვეს ციხეში. ფაქტობრივად ითვლებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ამ გენიოსს კაგებე 10-15 წლის მანძილზე ფილმის გადაღების საშუალებას არ აძლევდა. სამამულო ომის თემაზე იღებდა ერთ ფილმს და დაუხურეს.

 

“მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” მსოფლიო შედევრების ასეულში შევიდა და იტალიელი, ფრანგი რეჟისორები გაგიჟებულები იყვნენ სერგო ფარაჯანოვზე. ინგლისის დედოფლის და იყო სერგოსთან სახლში სტუმრად.

 

აი, ამ გენიოსს უკრაინელები თავის სტუდიაში ფილმის გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. სომხებმა გაბედეს და „საიათნოვაც“ გადაიღო. მოკლედ, რთულ ფინანსურ და სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბევრს “რატრატებდა”, უკრაინის ცეკას პირველ მდივანზე ანეკდოტებს ყვებოდა, ხუმრობდა. ამბობდა, რომ მის ცოლს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. სისულელებს ლაპარაკობდა. ამდენად, მისი დაპატიმრება უკრაინის ცეკას პირველი მდივნის მხრიდან ერთგვარი ანგარიშსწორება იყო.

 

ციხიდან წერილებს უგზავნიდა დედაჩემს. მთელი ღამე ვკითხულობდი წერილებს. ერთ წერილში ეწერა, გოგონა, შენი, რუზანას და სვეტლანას გამო ღირს ცხოვრება და ამ ჯოჯოხეთს გავუძლებო.

 

В Фонтанном Доме открылась выставка картин режиссера Сергея ...

 

სვეტლანა, სერგოს ციხეში ყოფნის დროს, უკვე მისი ცოლი აღარ იყო (მათი გაყრიდან დიდი დრო იყო გასული), მაგრამ მასთან დადიოდა ციხეში პაემანზე და იქიდან მოჰქონდა სერგოს ნამუშევრები. ციხეში შაქარი დაემართა და სვეტლანა სერგოს მეგობრებთან ერთად მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა.

 

სვეტლანას ციხიდან გამოჰქონდა სერგოს გაკეთებული კოლაჟები. ის იქ ნაგვისგან ქმნიდა შედევრებს, რომელიც ახლა ერევნის მუზეუმშია.

 

ნაგავში ნაპოვნი რძის ბოთლის სქელი ფოლგის სახურავებს ასწორებდა და მათგან ჭედურ მედალიონებს აკეთებდა, ჩიკანკებს. ერთი ასეთი ჩიკანკა ტონინო გუერას ფელინისთან საჩუქრად გაატანა. ფელინი სერგოს პატივს ცემდა. ფულიც შეუგროვეს და ევროპაში მისი გათავისუფლების კომიტეტიც შექმნეს. ფილინიმ გუერას უთხრა, მოდი, ამისგან ყალიბი ავიღოთ, მედალიონი ჩამოვასხათ და რიმინის კინოფესტივალზე გამარჯვებულებს ვაჩუქოთო.

 

2020-05-29"დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა" - 87 წლის ჯემალ ღაღანიძის ინტერვიუ საწოლიდან

 

მოწმე ვარ, როგორ ჩამოვიდა ფოსტით დალუქული დიდი ზანდუკი, სერგოს დიდი არქივით, ნამუშევრებით სავსე. გუშინ მოვიდა და ჩემთვის ძნელია მისი გახსნაო, მითხრა სვეტლანამ. მერე, მოგვიანებით, ლუქი სერგომ გახსნა და ამოალაგა და ამოალა ნახატები, მედალიონები, თოჯინები, საოცარი ნაკეთობები.

 

სერგო იყო ძალიან ცინიკური ადამიანი, ვინც უყვარდა იმასთანაც კი. ერთადერთი დედაჩემს ვერაფერს უბედავდა, ბავშვობის მეგობრები იყვნენ. დედა ეუბნებოდა, შენ გენია კი არა, დურაკი ხარო. გენია ვარ, გენია ვარ, შენ კი არ უნდა გაიძახოდე, ეგ სხვამ უნდა თქვასო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფოტოგენური იყო, სვეტლანა არც ერთ ფილმში არ გადაუღია. ფოტოებს კი უღებდა. ხან რას ჩააცმევდა, ხან რას და გვიგზავნიდა.

 

სვეტლანა პირდაბჩენილი პატარა ბავშვივით უყურებდა. სერგო რასაც ხუმრობით ეტყოდა, ის ყველაფერს ასრულებდა. სერგოს ხუმრობით ჩამოწერილი ჰქონდა, თბილისში წასვლამდე – რა უნდა გაეკეთებინა სვეტლანას. ისიც თბილისში მანამ არ წავიდა, სანამ სერგოს “დავალებები” არ შეასრულა.

 

В Киеве умерла жена легендарного режиссера Сергея Параджанова

 

სერგომ დაუწერა, თელავის ნადიკვრიდან მზის ამოსვლა აუცილებლად უნდა ნახოთო. ნადიკვრის პარკიდან კავკასიონის პანორამა იშლება. დილის 6 საათზე წამოგვყარა სვეტლანამ მე და ჩემი და, ცხოვრებაში ექვს საათზე რომ არ გაგვიღვიძია და წავედით ნადიკვარზე. მზე არ ამოვიდა! აგვისტო იყო და ისეთი ბუღი იყო ალაზნის ველზე, არაფერი ჩანდა (იცინის).

 

ფანტასტიური ქალი იყო, უკრაინაში ცხოვრობდა, ოჯახი ვერ შექმნა… ძალიან მიყვარდა და მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ცრემლიც გადმომვარდა.

ავტორი: თამარ გონგაძე

X