
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში უკვე სერიოზული შიდა გავრცელებაა დაწყებული.
მისივე თქმით, ინფექცია მოსახლეობაში ტრიალებს და ის ზოგჯერ შესაძლოა უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.
„ჯერჯერობით საქართველოში ინფექციის ახალი შემთხვევები იზრდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 24 საათის განმავლობაში გვქონდა ე.წ ნახტომი. დღეს რამოდენიმე ასეული ნიმუშია შემოსული ლუგარში, ბათუმში, ქუთაისში სხვადასხვა 5 ლაბორატორიაში, სადაც დღეს PCR ტესტირება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ იქნება რიგი შემთხვევების, არ ვიცი ჯერ რამდენი, მაგრამ ეს 30 ნიშანია იმისა, რომ ჩვენ შიდა გავრცელება სერიოზული გვაქვს. იგივე სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება, იგივე სასულიერო პირის დაინფიცირება და სხვა შემთხვევები რაც გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია ტრიალებს უკვე მოსახლეობაში, შეიძლება ხანდახან უსიმპტომო ფორმით, თუმცა ასეთი შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე სიმპტომებიანი. ამიტომ, მოვუწოდებთ, მოსახლეობას პირველი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დანიშნულების და რეკომენდაციების მიხედვით,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
გიორგი გახარიამ საგანგბო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
ასევე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდეს.
ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.
დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.
საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.
ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.
ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.
კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.






















