
სიმღერა “თბილისის მზეს” ლილიკო ნემსაძემ 18 წლის წინ დაწერა, მას “ფორტე” ასრულებს, თუმცა ახლა, პანდემიის პერიოდში, ადამიანების გასამხნევებლად სახეცვლილი სახით შვიდ ენაზე გაიჟღერა.
„ვლოცულობ შენთვის“ ასე დაერქვა სიმღერის გადაკეთებულ ვერსიას, რომელშიც ქართულთან ერთად ისმის – იტალიური, სერბული, ესპანური, ფრანგული, ინგლისური, აფრიკული. ტექსტზე ისევ გია ჯოხაძემ იმუშავა, უცხოელმა შემსრულებლებმა კი თავის ენაზე თვითონ მოირგეს ტექსტი.
იდეა კი ერთია – ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, სოლიდარულად, მომავლის იმედით.
“ეს არის გამამხნევებელი მესიჯი სიყვარულისთვის, გადარჩენისთვის, ერთმანეთისთვის, ყველას ერთი ტკივილი გვაქვს და ერთად გადავიტანთ მას.
რაც შეეხება მისი შექმნის იდეას, “ფორტეს” წევრებს მათმა მეგობარმა, გია ანდღულაძემ სთხოვა, თბილისზე გემრიელი სიმღერა ჩაწერეთო. ეს ჟანრი ჩემი და ზაზა ორაშვილის ნაფიქრია.
სიმღერის არანჟირება ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის” – ამბობს ლილიკო “პრაიმტაიმთან”.
ვიდეორგოლში მღერის საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ელგა ფორჩხიძე, რომელმაც შეკრიბა ეს უცხოელი შემსრულებლები.
ზურა მანჯავიძე: – მართლა ძლიერი მომღერლები ასრულებენ ამ სიმღერას, პარიზში ყოფნისას მოსმენილი მყავს ბევრი მათგანი და რაც მთავარია დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ ჩვენს მიერ გაგზავნილ მინუს ფონოგრამაზე სიმღერის ჩაწერას.
არც ველოდი ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა. სარისკო იყო, უცხოური ტექსტები როგორ ჩაჯდებოდა ამ მელოდიაში, რომელიც ქართული სიტყვებით გვიზის ყურში. მაგრამ ორგანულად ჩაჯდა. მუსიკალურად იმდენად კარგი სიმღერა შექმნა ლილიკომ, რომ მას კონკრეტული ენა არ აქვს, ამიტომაც მოირგო სხვადასხვა.
მემონტაჟემ ედუარდ შახატუნიანმა ღამეები ათია, რომ ეს ერთი შეხევდით მარტივად სანახავი ვიდეორგოლი, გულით აეწყო.
ამ ნამუშევარში უნიკალურია ის, რომ შვიდ ენაზეა გზავნილი. ეს მომენტი ძალიან ამაღელვებელია.
ისე ავაწყეთ სიმღერა, როგორი დარტყმაც მიაყენა ეპიდემიამ ევროპას. იწყება იტალიურით, მერე ფრანგულითა და ესპანურით გრძელდება.
მეგობრებმა ვერ აღიქვეს აფრიკელი გოგონას პასაჟი. სიმართლე გითხრათ, მე ყველაზე მეტად მომწონს. რამდენიმე მოსმენის მერე მივხვდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და განსაკუთრებული მონაკვეთია. ამ სიტუაციას ესადაგება.
სევდიან-იმედიანი სიმღერაა, როგორიც არის დღევანდელი სიტუაცია.






















