
„ეს გადავადებები სამი თვით, რომელიც დაიწყეს ბანკებმა, არის პიარისთვის. ეს რის ზღაპრები, რათა გაემზადონ კიდევ ახალი ყაჩაღობისთვის“,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
იგი ბანკებს მოუწოდებს, რომ მოქალაქეებზე ამნისტია გამოაცხადონ.
„სასწრაფოდ გამოცხადდეს საბანკო ამნისტია მოქალაქეებზე საშუალო და წვრილ ბიზნესზე. დაუყონებლივ დადგინდეს ზღვრული ფასები საკვებ პროდუქტებზე და წამლებზე. ეს სამი კომპონენტი საქართველოს მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესიდან გამოიყვანს უდანაკარგოდ და ეს ვირუსი ძალიან მალე ჩაივლის. ამით უამრავ ადამიანს გადავარჩენთ.
ვინმეს ეს ძალიან რევოლუციურ მოწოდებად რომ არ მოეჩვენოს, შეგახსნებთ, რომ გასული წელი საქართველოს ბანკებმა დაამთავრეს მილიარდიანი მოგებით, ხოლო 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“ 500%-იანი მოგება მიიღო“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
იგი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი მთავრობამ შემოიტანა.
„მთავრობის საქმიანობას კორონავირუსის შემოტანის ხაზით ქვეყანაში დადებითად ვაფასებ, ეს ვირუსი მათ შემოიტანეს. მთელი მთავრობა ვიქენდებზე პიცის საჭმელად დადის იტალიაში. ნახეთ რამდენია თვითკარანტინში რანდენი მინისტრი, მოადგილე, მინისტრის თანაშემწე და კიდევ რაც არ ვიცით. ჩვენი ინფორმაციით კიდევ უფრო მეტია. ეს ვირუსი საწყალ და უბრალო ხალხს არ შემოუტანია, რომელიც თავის გადასარჩენად საზღვარგარეთ გაიქცა და ნამდვილად არ სცალია საქართველოში შაბათ-კვირას იაროს. ეს ვირუსი ელიტამ შემოიტანა. ჭუჭყი, მტვერი, ნაგავი და ვირუსი ამ ხელისუფლების შემოტანილია“,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

























