
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, ფსიქიატრი მარიამ ჯიშკარიანი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე ირწმუნება, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავს.
„პრაიმტაიმთან“ კითხვის პასუხად სამხარაულის ბიუროში განმარტეს, რეალურად თუ როგორ ხდება საქმეში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის ჩართვა. უწყებაში ამბობენ, რომ ბიუროს ჰყავს მაღალი რანგის ექსპერტები, რომლებიც პერიოდულად ტრენინგებს აშშ-ში, საგამოძიებო ბიუროში გადიან.
„გიორგი შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მიმდინარე წლის 22 ივნისს დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპრეტიზის კვლევის საგანს წარმოადგენდა გარდაცვალების მიზეზის დადგენა და სხეულზე დაზიანებების არსებობის შემთხვევაში მათი გამოვლენა და შეფასება.
დასკვნა მომზადდა ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების და ექსპერტიზაში ჩართული ოჯახის მიერ გამოყოფილი ექსპერტის მონაწილეობით.
აღნიშნულ ეტაპზე ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით ექიმ-სპეციალისტების მონაწილეობა არ წარმოადგენდა საჭიროებას.
ამ ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით და საქმეში ახალი გარემოებების გამოვლენის საფუძველზე, გამოძიების მიერ დამატებით იქნა დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა დამატებითი კითხვებით.
იმის გათვალისიწინებით, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვები სცდებოდა სასამართლო სამედიცინო ექსპრეტიზის შესწავლის საგანს, სრულყოფილი და ობიექტური პასუხის გასაცემად საჭირო გახდა კონკრეტული პროფილის სპეციალისტების ჩართვა, რომელთა ექსპერტის სახით მოწვევაც წარმოადგენს საგამოძიებო სტრუქტურების პრეროგატივას, რის გამოც ბიურომ მიმართა შესაბამის უწყებას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გახლავთ საექსპერტო დაწესებულება, სადაც კვლევების ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა და ამ მიზნით ბიუროს ჰყავს აღნიშნული დარგის სპეციალიტები, რომლებიც ყოველ წელიწადს გადიან ტრენინგებს ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის საგამოძიებო ბიუროში (GBI) . სასამართლო მედიცინა არის მედიცინის ცალკე განსხვავებული დარგი, ისევე როგორც მაგ.ოფთალმოლოგია, კარდიოქირურგია, ენდოკრინოლოგია და ა.შ.
ექსპერტიზაში სასამართლო მედიცინა ძირითადად საპროცესო მიზნებისთვის არსებული მედიცინის მიმართულებაა და იგი არ გულისხმობს მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას. ყველა ქვეყანას გააჩნია საექსპერტო მოქმედებების განსაზღვრული ფარგლები. შესაძლოა საექსპერტო დაწესებულებას თანამშრომლად ჰყავდეს ცალკეული სამედიცინო დარგის სპეციალისტი, ესეთი ჰყავს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსაც, მაგრამ ხაზგასმით გვიანდა აღვნიშნოთ, მსოფლიოში არ არსებობს არცერთი საექსპერტო დაწესებულება, რომელშიც სასამართლო მედიცინის დარგის ექიმებთან ერთად, ფიზიკურად გაერთიანებული იქნება ყველა სხვა დარგის ექიმი.
გამოძიების წარმოების პროცესში, პერიოდულად ჩნდება საჭიროება, რომ გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად სასამართლო მედიცინის სპეციალისტებთან ერთად პროცესში მონაწილეობა მიიღონ სხვა დარგის სამედიცინო პერსონალმაც (სხვა სპეციალობის ექიმებმა), რომელთა ჩართვას ექსპერტის სახით როგორც უკვე აღვნიშნეთ უზრუნველყოფს საგამოძიებო უწყება.
გამოძიების პროცესში გაჩენილი დამატებითი კითხვების და ახალი ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლების შესაბამისად, ექსპერტიზის ბიურო მზად არის ჩაატაროს ყველა კვლევა, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დარგის ექიმ-სპეციალისტების ჩართულობით და გამოძიების მიერ დასმულ კითხვებს ეტაპობრივად გასცეს ამომწურავი პასუხი“, – განგვიმარტეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.






















