
კახა კუკავა და მისი პარტიის წევრები დღეს 13:00 საათზე ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის მოთხოვნით აქციის ჩატარებას აპირებდნენ. თუმცა, პრემიერმინისტრმა პროცესებს დაასწრო და მანამდე განაცხადა, რომ 29 მაისიდან საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
„დილით მთავრობამ გამოაცხადა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქში 29 მაისიდან აღდგება. ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, აქედან გამომდინარე, შარზე არ ვართ და აქცია გადავდეთ“, – ამბობს კუკავა.
კახა კუკავა მთავრობის გადაწყვეტილებას მიესამლება, თუმცა მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაწესებულ რეგულაციებს სამედიცინო დასაბუთება არ აქვს.
„შეიძლება საზოგადოებამ იდაოს, რომ ჯობდა შეზღუდვები უფრო ადრე, ან გვიან მოეხსნათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მთავრობის ერთადერთი იშვიათი დადებითი თვისებაა, რომ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ანგარიშს უწევს.
როგორც მოქალაქე და პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვაპირებ რომ არსებულ კანონს დავემორჩილო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ზომები დასაბუთებული არ არის.
აქ ექიმების კომპეტენციის კითხვის ნიშნის დაყენებაც შეიძლება.
ჩვენ ყველას გვახსოვს, ექიმები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ პირბადე უნდა გაგვეკეთებინა. სამი თვის წინ, დილიდან საღამომდე 3-3 გადაცემაში ისხდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ პირბადის გამოყენება საერთოდ არ იყო საჭირო, თუ ინფიცირებული არ ხარ.
აქედან გამომდინარე, ამას სამედიცინო დასაბუთება სულ არ აქვს და დამამშვიდებელი ხასიათი აქვს, თითქოს თუ პირბადე გიკეთია, დაცული ხარ“, – აცხადებს კუკავა.
ცნობისთვის: დღეს 13:00 საათზე, მეტრო “თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.
პროტესტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას შეეხებოდა.
რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება.
შესაბამისად, კახა კუკავას დაანონსებული აქცია ჩაიშალა.
























