
თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება და ამ ფორმით დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობას საკანონმდებლო ორგანოში კვლავ გაგრძელდება.
ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საუბრობს.
ოხანაშვილის თქმით, ამნისტიის კანონპროექტი ყოველმიზეზგარეშე გამოიცემა, რადგან აღნიშნული პუნქტი ევროკავშირის მიერ შედგენილ დოკუმენტშია შეტანილი, რომელსაც ხელი მხარეებმა მოაწერეს და მისი გამოცემა არ არის დამოკიდებული ვინმეს ნება-სურვილზე.
ამასთან, როგორც უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, ამნისტიის კანონპროექტი შეეხება ყველა იმ პირის განაჩენს, რომელიც შემხებლობაშია 20-21 ივნისის მოვლენებთან.
„ევროკავშირის დოკუმენტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ ითვალისწინებს ამნისტიის სავალდებულო წესით გამოცემას. ამნისტიის გამოცემა არ არის და ვერ იქნება დამოკიდებული ვინმეს ნება სურვილზე.
ეს ამნისტიის აქტი ცალკე განყენებულად არ უნდა განვიხილოთ. ეს ყველაფერი არის შეთანხმება, ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ პოლიტიკური ურთიერთობა. ამიტომ, ცალკე ნუ დასდევენ ამნისტიას, ცალკე ძალაუფლების გადაცემას და ა.შ. ეს ყველა პუნქტი, რაც აქ წერია, უნდა გაკეთდეს, ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს, ვინაიდან, ეს ყველაფერი არის ევროკავშირის და სტრატეგიული პარტნიორების დოკუმენტში ჩადებული სულისკვეთება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამნისტია გამოიცემა.
ამნისტიის აქტის გამოცემამდე თუ გირაოს გადაიხდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამნისტია არ უნდა გამოიცეს, ვინაიდან გირაო ეს არის დროებითი ღონისძიება და შემდგომ უნდა დადგეს განაჩენი და განაჩენს უნდა შეეხოს თუ არა ამაზეა სწორება და რა თქმა უნდა ყველას განაჩენს უნდა შეეხოს, ვინც ამ ივნისის მოვლენების შემხებლობაში არის.
აქ საუბარი კი არ უნდა იყოს, მხოლოდ ამნისტია გამოიცემა? მაშინ ისე ხომ არ დავსვამთ საკითხს, რომ ძალაუფლების გადანაწილება მოხდება? კი ყველაფერი უნდა მოხდეს, რაც ამ დოკუმენტში დევს.
გირაოს გადახდა და გამოსვლა არის დროებითი ღონისძიება, ვიდრე განაჩენი დადგება. თუ გამოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდგომ განაჩენი არ დადგება, განაჩენი უნდა დადგეს, ოღონდ ჩვენ არ ვიცით რა იქნება ეს განაჩენი, ამიტომ ჩვენ წინასწარ კი არ უნდა ვიფიქროთ როგორი იქნება, არამედ ჩვენ წინსწრებად უნდა გამოვცეთ ამნისტია, რომ როგორიც არ უნდა იყოს იმას შეეხოს.
ამიტომ ხაზგასმით ამნისტია არ არის ვინმეს ნება-სურვილზე დამოკიდებული ამ დოკუმენტიდან გამომდინარე, ეს დოკუმენტი ყველას ავალდებულებს, რომ ამნისტია ყოველმიზეზგარეშე გამოსცენ, რათა გადაიფურცლოს ის ისტორიული მძიმე და რთული დღე, რომელიც იყო 20-21 ივნისი და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ მხარეებმა ურთიერთობა. საბოლოოდ ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს, ჩვენ ცალკე ამნისტიას უნდა არ უნდა შევეხოთ, ეს ამნისტიაც, ძალაუფლებაც და 43%-იც იმიტომ წერია, რომ ახალ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე გადავდივართ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.
„20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ“ – დაწერა მელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტი ხუთპუნქტიანია და მოიცავს დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასაც.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში, იგულისხმება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეები, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება.
საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება. პარტიები ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში უნდა შევიდნენ.






















