13:21 | 2021-06-06 ავტორი: Prime Time

შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ – მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის პანსიონზე

შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ – მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის პანსიონზე

“იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე”,- ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ყველა ბავშვმა პანსიონი უნდა დატოვოს.

 

“ბავშვების საკითხს პასუხისმგებლობით სჭირდება გაძღოლა, სახელმწიფოსგან იქნება, თუ ეკლესიისგან. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, მე ის ვიცი, რომ ახლა ტყუილ-მართალი იმდენად არის ერთმანეთში არეული, ძალიან ძნელი ხდება დასკვნების გაკეთება. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აკისრია თითოეულ ადამიანს. ჩვენ შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ.

 

იმედია მაქვს სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. მე მივესალმები თუ უწესრიგობაა, წესრიგის დამყარებას. თუ დანაშაულია, აღმოფხვრას, თუ რაიმე უკეთურებაა, გამოსწორებას, ანუ იმ ღონისძიებების გატარებას ეკლესიიდან, თუა საჭირო ეკლესიიდან, თუ სახელმწიფოდანაა საჭირო, სახელმწიფოდან, იმ ნაბიჯებს, რომლებიც აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებს დღეს მთელ საზოგადოებას“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

მისი თქმით, ნინოწმინდის პანსიონის კარი, რომ გაეღოთ, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

 

,,დღეს უკვე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არის ამ საქმეში ჩართული და მისგან უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. რამდენადაც ვიცი შემოწმება ტარდება.. ახლა ერთი წუთით იქ რომ მიხვალ, ვერაფერსაც ვერ გაიგებ – იქ გარკვეული პერიოდი ყოფნაა საჭირო . მე ასეთი აზრი მაქვს, რომ შეიძლება აქამდე საერთოდ არ მისულიყო, რომ მომხდარიყო ელემენტარულად გახსნა კარის, რადგან ქართული გამოთქმა არის: „ნათქვამს ერთი კუდი აქვს და უთქმელს ათასიო“, შესაბამისად ის, რომ ეს კარები იყო დახშული საფუძვლიანად, თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ფაქტობრივად ეს ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავს და ამან უფრო გამოიწვია ასეთი ვითარება, ამან უფრო გაართულა და დაძაბა საერთოდ მთელი საზოგადოება.

 

ალბათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე, ბევრად უფრო ყოველგვარი ემოციური ფონის გარეშე, თუ რამე გამოსასწორებელი იყო, ალბათ უნდა გამოსწორებულიყო,“- აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X