00:37 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

შეიძლება თუ არა აცრა მენსტრუალური ციკლის დროს – ყველა დეტალი შვილოსნობასა და გავრცელებულ მითებზე

შეიძლება თუ არა აცრა მენსტრუალური ციკლის დროს – ყველა დეტალი შვილოსნობასა და გავრცელებულ მითებზე

აქცინაციის პროცესმა საზოგადოებაში ახალი კითხვები გააჩინა. ქალები სვამენ კითხვას, შეიძლება თუ არა ნაადრევი, ჭარბი ან ზედმეტად მტკივნეული მენსტრუალური ციკლი აცრის შედეგი იყოს.

 

 

|რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია

 

სპეციალისტების თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, იწვევს თუ არა ვაქცინა ციკლის ცვლილებებს, რადგან კონკრეტულად ეს საკითხი შესწავლილი არ არის. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აცრის შემდეგ ქალები თავიანთ ორგანიზმს ჩვეულებრივზე უფრო ყურადღებით აკვირდებოდნენ ან შესაძლოა, მათ ეს ცვლილება სხვისი გამოცდილების გაგების შემდეგ ვაქცინას მიაწერეს.

 

 

თუმცა, ამავდროულად, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის რეპროდუქციული იმუნოლოგის დოქტორი, ვიქტორია მეილი ამბობს, რომ ზოგიერთ ქალს, რომლებსაც მენოპაუზა უკვე ჰქონდათ და მათ, ვინც ციკლის შემაჩერებელ ჰორმონალურ პრეპარატებს იღებდნენ, სისხლდენა აღენიშნათ. ამიტომაც მეცნიერი ეჭვობს, რომ გარკვეული სახის ფიზიკური რეაქცია მაინც ხდება.

 

 

მართალია, ასეთი კავშირი დადასტურებული არ არის, ლოგიკურად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მენსტრუალურ ციკლში აცრას გარკვეული ცვლილება შეაქვს. ამავდროულად, ექსპერტები ამბობე, რომ შეშფოთების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს.  მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ციკლი მოულოდნელი და ჩვეულებრივზე ოდნავ რთული იყოს, ეს ჯანმრთელობის გრძელვადიან რისკს არ გულისხმობს.

 

 

ვაქცინაცია

 

 

მეცნიერულად მენსტრუალური ციკლის დროს ვაქცინაციის ჩატარებას ხელს არაფერი უშლის. გასათვალისწინებელი ფაქტია მხოლოდ ის, რომ ასეთ დროს ქალს, შესაძლოა, დაღლილობის შეგრძნება ჰქონდეს.

 

 

თუ თქვენი მენსტრუალური ციკლი დაემთხვა ვაქცინაციის დღეს, არ არის საჭირო გადადოთ აცრა. მენსტრუალური ციკლი არ არის ვაქცინაციისთვის ხელშემშლელი ფაქტორი.

 

 

 

|COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და შვილოსნობა

 

 

ამ საკითხის ირგვლივ ბევრი მითი არსებობს, თუმცა, მეცნიერულად არ არის დადასტურებული რაიმე კავშირი ვაქცინაციასა და შვილოსნობის ფუნქციას შორის, არც ქალების და არც მამაკაცების შემთხვევაში.

 

 

ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში იმუნური სტიმულაცია ხდება იმ კონკრეტული სპაიკ ცილის ან ანტიგენის (უცხო სხეული) წინააღმდეგ. შესაბამისად, გამორიცხულია ქალისა თუ მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის რაიმე შეფერხება.

 

მომზადებულია GAVI-ის, BBC-ისა და NCDC-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

 

ასევე ნახეთ: “ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, ახლა გეტყვით რა ხდება სიამდვილეში” – გიორგი ფხაკაძე

 

ავტორი: Prime Time

X