11:34 | 2020-06-05 ავტორი: თამარ გონგაძე

შეყვარებული მამაკაცის სიმბოლო – კახი 85 წლის გახდა

შეყვარებული მამაკაცის სიმბოლო – კახი 85 წლის გახდა

კახი კავსაძე იუბილარია. ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა 85 წლის გახდა. დაუვიწყარი მსახიობია, განსაკუთრებული ენერგეტიკის, ქარიზმის და სამსახიობო პალიტრაზე გამორჩეული ნიშის. სულ გსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, განსაკუთრებულ სითბოს ასხივებს და ამიტომაცაა, რომ მუდმივად იწვევს ხმაურს იქ, სადაც გამოჩნდება.

 

მის როლებს რომ უყურებ, გრძნობ, რომ მართალია, ნამდვილია, ნატურალური ყველა ჟესტით, მიმიკით, გრიმასით. ეს სინამდვილე ან გაქვს, ან – არა, ვერ შეიმეცნებ. რა ცომისგანაც მოგზელენ, ის პური ცხვები, ცხობისას ვერ გადაკეთდები. ამდენად, კახის შინაგანი სიმართლე და მომხიბვლელობა, მის ფესვებშია.

 

ჩემი რესპონდენტები კახის რაინდული თვისებების ჩამოთვლისას, მის სიყვარულის უსაზღვრო ნიჭზე საუბრობენ, რომელიც ასევე ან გაქვს, ან – არა. ასეა, სიყვარული ბოძებული ნიჭია და მისით გაჟღენთილია ჩვენი ვარსკვლავი – კახი კავსაძე.

 

2020-05-29"დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა" - 87 წლის ჯემალ ღაღანიძის ინტერვიუ საწოლიდან

 

ნანა ჯანელიძე: – კახი ყველას უყვარს. არ მინახავს, სადმე მისულიყოს და დიდი ფურორი არ მოეხდინოს ადამიანურად, არტისტულად.

 

მაინც მგონია, რომ დაუფასებელია. გაცილებით მეტ ფილმში უნდა იყოს გადაღებული, ვიდრე არის. მის ნიჭს და ტალანტს გაცილებით მრავალი ჟანრის მოცვა შეუძლია.

 

ფილმზე „იქ თეატრი არის?“ (კახის ბიოგრაფია) მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ კახი მხოლოდ დიდი არტისტი არ არის. ის არის დიდი ტრაგიკოსი და კომიკოსი ერთდროულად. მას აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია და ხელეწიფება.

 

საოცარი უნარი აქვს იმ წუთში, იმ კონკრეტულ დუბლში თავისი პოტენციალის ათასი პროცენტი გასცეს.
ქუჩაში რომ მივდიოდით, ყველა ეთაყვანებოდა. სურათებს იღებდნენ, აჩერებდნენ, ეფერებოდნენ…

 

ყველას უჩერდება და დიდ სითბოს და სიყვარულს აჩვენებს. უყვება ისტორიებს და თან ისე, ათასკაციან დარბაზში რომ ყვება არტისტი და იხარჯება. ასე იხარჯება ნებისმიერი ადამიანის წინ, თუნდაც იმ მათხოვრის წინ, რომელიც ამ დროს იქვე დგას და მათხროვრობს.

 

ასეთი გულუხვობით გასცემს თავის ნიჭს, სითბოს და სიყვარულს. ამიტომ კახი სრულიად შეუდარებელი, წამლეკავი სიყვარულის და ღირსების მქონე ადამიანია. მას ყოველთვის უხარია სხვისი ნიჭი, გამარჯვება და სიკეთე. ამით არის ძალიან ბედნიერი. მე არ მინახავს მასში შურის ან ძაგების პატარა უხერხული ჩრდილი. ეს სიყვარულის ფრქვევა და სინათლე ყველაზე მოქმედებს, მზის სხივებს გავს…

 

2020-06-03"დაუჯერებელი რამ გავაკეთე" - რა მოიმოქმედა იუბილარმა ნანა შონიამ?

 

არაჩვეულებრივი მამა და კიდევ უფრო დიადი დედა ჰყავდა. ამ დედამ მოახერხა ის, რომ ორ ვაჟს, რომლებსაც შვიდი წელი ჰქონდათ მამასთან ერთად ნაცხოვრები, ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრა მამა. მამა, რომელიც წავიდა ომში, დაჭრეს, მოხვდა ნაცისტურ ბანაკში, იქ ჩამოაყალიბა გუნდი. ომის დასრულების მერე წამოვიდა საქართველოსკენ, მაგრამ მატარებელში კაგებე დაადგა და გადაასახლეს.

 

კახის ორჯერ ჰყავს ნანახი მამა. მაგრამ დათაშკა მათ ოჯახში მუდამ არსებობდა, მუდამ ცხოვრობდა. დედა ეუბნებოდათ, აბა, იმეცადინეთ, რას იტყვის მამა?.. მამა, რომელიც ფიზიკურად არ იყო სახლში, მაგრამ შვილებისთვის კაცობის, თავდადების, ნიჭის, ვაჟკაცობის მაგალითი იყო მუდამ.

 

კახის ცხოვრების მანძილზე არაერთხელ შეხვედრია უცხოეთში ადამიანი, რომელმაც უთხრა, მე დათაშკამ გადამარჩინა ნაცისტურ ბანაკსო…

 

კახი ქართული რაინდული სულის განსახიერებაა მისი დამოკიდებულებით ბელასადმი. ის ისტორია, რაც მას გადახდა, შეიძლება მითებში წაიკითხო: 12 წელი ელოდა ბელას, თავისთვის უყვარდა, მერე შეირთო ცოლად, მასთან ერთად იცხოვრა… თუმცა ერთად ყოფნის სამი წლის თავზე ბელა ავად გახდა და ნელ-ნელა ილეოდა და ქრებოდა. კახის უფრო და უფრო უყვარდა ბელა. მთელი ცხოვრება უყვარდა. ბოლოს ხელში აყვანილი დაყავდა ხან ერთ მეგობართან, ხან მეორესთან და ქეიფობდნენ. ცოლზე ყურებამდე შეყვარებული იყო. ესეც კაცობის იდეალია, რომ შეგიძლია გიყვარდეს ერთი ქალი, მთელი ცხოვრება იყო მისი ერთგული და მასში მზეთუნახავს ხედავდე.

 

კახი კავსაძე 84 წლის გახდა!..

 

კახი მომნუსხველად საყვარელია ყველა ჯურის, ერის კაცისთვის და ქალისთვის. კაცებისთვის კიდევ რაღაც განსაკუთრებულია კახიში. ისინი იდეალს ხედავენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? კაცი, რომელსაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ეს ხომ საოცრებაა, კახი ასეთია.

 

კახის ენერგია და მისი სიკეთე ბევრ ქართველს გადასდებოდეს. ის იყოს მათი იდეალი, რომლისკენაც ივლიან და ეცოდინებათ, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით არიან, გვათბობენ და გვაძლევენ იმის იმედს, რომ ყველაფერი მშვენიერია.

 

გოჩა კაპანაძე: – მინდა ბევჯერ მივულოცო დაბადების დღეს. ჩემი თაობა ბატონი კახის ხელში გავიზარდეთ პიროვნებებად და პროფესიონალებად. მისგან სიყვარულის ერთგულება ვისწავლეთ, სამშობლოს სიყვარული, თავგანწირვამდე მისული სიყვარული ვისწავლეთ…

 

ეს მისი ოჯახისგან მოდის, მამისგან მოდის ქვეყნის ასეთი სიყვარული. ბატონი კახი მხოლოდ დიდი არტისტის ფენომენი არ არის, ის დიდი ხელოვანი ოჯახის ბრწყინვალე წარმომადგენელია.

 

კახი კავსაძე: მე ბედნიერი კაცი ...

 

მას გვერდს უმშვენებდა შესანიშნავი მსახიობი ბელა მირიანაშვილი. ჩემთვის ეს წყვილი ქართველი რომეო და ჯულიეტაა თავისი სიყვარულის ისტორიით. ეს არის დიდი ფილმის თუ სპექტაკლის სიყვარულის ისტორია. საერთოდ, პირიქით ხდება ხოლმე, დიდ სიყვარულს ძირითადად ქალბატონები არიან ხოლმე შეწირულნი. მამაკაცი იშვიათია. მე ბატონი კახის გარდა სხვა სიყვარულს შეწირული ქართველი მამაკაცი არ მახსენდება. ის შეყვარებული მამაკაცის სიმბოლოა.

 

დიდებული არტისტია თავისი განუმეორებელი ტემბრით, ტემპორიტმით, ემოციით, განუმეორებელი პლასტიკით, სიმღერით, დაუდგრომელი ყოველდღიური კამათით, ჩხუბით, დათმობით – ეს არის ცალკე თეატრი, კახი კავსაძის თეატრი.

 

მუშაობის დროს ძალიან დამყოლი და მსუბუქია. არ მქონია შემთხვევა, რომ ბატონ კახის რაიმე გაეპროტესტებინოს. ექსპერიმენტებში თამამია. ძალიან დიდ რეჟისორებთან არის ნამუშევარი, როგორებიც არიან – დოდო ალექსიძე, მიშა თუმანიშვილი, რობერტ სტურუა… უნივერსალური მსახიობია, ამიტომ მასთან ყველანაირ ჟანრზე, ყველანაირ ექსპერიმენტზე და თანამედროვე ფორმების ძიებაზე შეიძლება წახვიდე. ეს მისთვის არ ახალია. თანამედროვედ აზროვნებს. უმაღლესი კლასის პროფესიონალია. მისთვის შეუსრულებელი ამოცანა არ არსებობს.

 

New Posts: კახი კავსაძე დღეს იუბილარია ...

 

პანდემიის დროს რამდენჯერმე ვესაუბრე, ფანტასტიკურ ფორმაშია. მისთვის სახლში ყოფნა წარმოუდგენლად ძნელია. როდის დავიწყებთ ახალ პიესაზე მუშაობასო, მეკითხებოდა. უნდა, რომ მაყურებელს შეხვდეს.

 

როგორც კი თეატრის რეგულაციები დაწესდება, ბატონი კახი ჩვეული რიხით წარსდგება მაყურებლის წინაშე.

ავტორი: თამარ გონგაძე

X