18:28 | 2020-05-19 ავტორი: Prime Time

შეყვარებულს დავშორდი და მოდიო – მომწერა: გიორგი გუგავა

შეყვარებულს დავშორდი და მოდიო – მომწერა: გიორგი გუგავა

სულ რაღაც სამი წლის წინ ეს ფრაზა სოციალური ქსელისა და იუმორისტული გადაცემების შთაგონების წყარო გახდა.

 

„გუგავა მოვა“ – შალვა ნათელაშვილის ამ სიტყვებზე ხალხი დიდხანს ხალისობდა.

 

და რა რეაქცია ჰქონდა თავად გიორგი გუგავას? გთავაზობთ აპოლიტიკურ ინტერვიუს „პრაიმტაიმის“ არქივიდან, სადაც მის შესახებ უფრო მეტს გაიგებთ.

 

– დავიბადე იქ, სადაც…

 

– სადაც ქარიშხალი არ იყო.

 

– ბავშვობიდან მიკრძალავდნენ…

 

– არ ვიყავი ისეთი ბავშვი, რომელიც აკრძალვებს საჭიროებდა… რასაც ვაშავებდი, ამას არც ვაგებინებდი მშობლებს. ვვარჯიშობდი, ფეხბურთზე დავდიოდი. არ ვსვამდი, არ ვეწეოდი. პირველად, სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ დავთვერი, ბანკეტზე. რასაც ჰქვია, ოთხით მიმიტანეს სახლში. მერე რაც მოხდა, ამას ვერ მოგიყვებით.

 

რა მისწერა შალვა ნათელაშვილმა დონალდ ტრამპს მელანიაზე
2020-04-27რა მისწერა შალვა ნათელაშვილმა დონალდ ტრამპს მელანიაზე

 

– ყოველთვის მეწერა თვალებში…

 

– როგორ გითხრათ, თვალებს მხოლოდ სარკეში ვხედავ…

 

– რას ხედავთ სარკეში?

 

– არც ისე ურიგო კაცს. არც ისეთი წამხდარი ვარ.

 

– არასდროს მიკამათია…

 

– თავდაჯერებულ იდიოტთან. ეს სიბრიყვეა. იდიოტი უნდა იყო თავადაც, რომ საინტერესო გამოვიდეს, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს.

 

– ყველაზე დიდი სიხარული…

 

– პირველი შვილის დაბადება. განუმეორებელი შეგრძნებაა, როცა აცნობიერებ, რომ მამა ხარ.

 

– როცა სადილი არ მხვდება მზად…

 

– მტერს და ავს. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცების გული კუჭზე გადის.

 

– საოჯახო საქმეებიდან ვიცი…

 

– გამომიცვლია ნათურა, ელექტროჩამრთველიც.

 

– ქალის საქმეებიდან არაფერი გამოგდით?

 

– როცა მჭირდება, ვახერხებ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტუდენტობის პერიოდში თავად ვუვლიდი საკუთარ თავს, ყველაფერიც გამომდის. ჭურჭელიც გამირეცხავს, სახლიც დამილაგებია და პერანგებიც გამიუთოებია. მაგრამ დიდად შეყვარებული არ გახლავართ ქალის საქმეებზე, ვერ მოვიწონებ თავს.

 

– არასდროს მიჭამია…

 

– ლოკოკინა, მიდია, გველი, ბაყაყი…

 

– როცა ცოლ-შვილი აგარაკზეა…

 

– ვაკეთებ ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალე… პირველად რომ წავიდნენ, ტელეფონით ვისწავლე, როგორ ჩამერთო სარეცხი მანქანა. ერთხელ უთოც დამრჩა ჩართული. სახლში რომ მივედი, დამწვრის სუნი იდგა. საბედნიეროდ, გადავრჩით.

 

– ვეჭვიანობ, როცა…

 

– მთლად თავისუფალი არ ვარ ეჭვიანობისგან. ეს, ალბათ, სიყვარულის ნიშანია, მაგრამ არც ოტელო არ გახლავართ.

 

– გართობის საუკეთესო საშუალება…

 

– გართობისთვის დრო ცოტა მაქვს. ძალიან ვიწრო წრეში, ძალიან ახლო ადამიანებთან ერთად სუფრაზე ყოფნა მიყვარს. როცა თავისუფალი ხარ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

 

– კარგი თამადა ხართ?

 

– ასე ამბობენ. ყანწიც დამილევია. სადღეგრძელოების წიგნი არ მაქვს. ვცდილობ, შემოქმედებითად მივუდგე ამ საკითხს. მძიმე ტვირთია, სიმართლე გითხრათ, სუფრის რიგითი წევრობა მირჩევნია.

 

– როცა სინათლე ქრება?

 

– პირველი, რაც აღმომხდება, ეს დასაწერად არ ღირს.

 

– ამ დროს არ გირეკავენ?

 

– კი, მოუწერიათ… ცნობილი სლოგანის შემდეგ ელექტროენერგიის ან წყლის შეწყვეტის შემთხვევაში მწერენ, ხომ არ მოხვალო.

 

მეტსაც გეტყვით. მე საერთოდ ძილისგუდა ვარ, გვიან ვიღვიძებ. დილაადრიან დამირეკა ვიღაცამ და მეუბნება, კბილი მტკივა და მოხვალო? ძალიან გტკივა-მეთქი, ვკითხე. კიო, დამიდასტურა.

 

მაშინ ჯობია ექიმი მოვიდეს, ჩემს მოსვლას აზრი არ აქვს-მეთქი, დავარიგე.

 

– ამ სლოგანის მერე, ალბათ, ბევრი გამოხმაურება გქონდათ, ყველაზე უცნაურ ზარზე მიამბეთ…

 

– სულ უცნაური ზარებია, ჯოკერს ვთამაშობთ და მეოთხე გვაკლდება, მოდი; ლუდს ვსვამთ და მოდი; საგანი ვერ ავირჩიე და მოდი; შეყვარებულს დავშორდი და მოდიო, რომელი ერთი გითხრათ…

 

– ასეთი წარდგენა თავიდანვე განსაზღვრული იყო?

 

– არა, შალვა არასდროს წერს წინასწარ ტექსტს. ეს სპონტანურად თქვა. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გამოხმაურება იქნებოდა. როცა საზოგადო მოღვაწე ხარ, თმენის ვალდებულება გაქვს. ასე რომ, პატარა კბენაც უნდა მოითმინო. საუკეთესო მეთოდია, ცივ წყალს დალევ და გრილდები.

 

– თქვენი მეუღლე არ ხუმრობს ამ თემაზე?

 

– კი, ბოლო დროს ამ ტექსტით მირეკავს ცოლი, – ყველგან მივიდა და სახლში როდის მოვა გუგავაო. მშვენივრად ვერთობით. რაც მთავარია, აგრესიული არაფერი წამიკითხავს ამ სლოგანთან დაკავშირებით.

 

– ლეგალიზაცია მარიხუანის თუ ბორდელების?

 

– არცერთის.

 

– არასდროს მოვიყვანდი ცოლად…

 

– ავ ქალს. თავად ჯუჯღუნა ვარ და ერთად არ გამოვიდოდა ავი და ჯუჯღუნა.

 

– ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი პოლიტიკოსი.

 

– ხედავთ რამდენი ფიქრი დამჭირდა? ყველა ქალს თავისი ხიბლი აქვს. ეს უნდა დაინახო, ამის ნიჭი უნდა გქონდეს. ულამაზო ქალი არ არსებობს. არსებობენ უნიჭო მამაკაცები.

 

– ბოლო დროს ჩემი ფიქრები…

 

– სევდიანია. სენტიმენტალური გავხდი, მინორული. 5 წლის წინათ მამა გარდამეცვალა. სანამ მშობლები გყავს, ბავშვად გრძნობ თავს. ამას მოჰყვა სტრესი, სევდა და შემომეპარა სენტიმენტები. როგორც გოდერძი ჩოხელი ამბობდა, ცხოვრება სევდაა.

 

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: Prime Time

X