14:47 | 2021-12-19 ავტორი:

„შემაერთეს ჟანგბადის აპარატზე და მაშინ დაიწყო ჯოჯოხეთი… ფილტვების 21-ქულიანი დაზიანება აღმომაჩნდა“ – გულნარა ეჟიშვილის კოვიდამბავი

„შემაერთეს ჟანგბადის აპარატზე და მაშინ დაიწყო ჯოჯოხეთი… ფილტვების 21-ქულიანი დაზიანება აღმომაჩნდა“ – გულნარა ეჟიშვილის კოვიდამბავი

თითქმის, 2 წელია რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მას შემდეგ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ადრინდელისგან განსხვავებით ახლა ყველასთვის დილა კოვიდსტატისტიკით იწყება, რომელიც 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული ინფიცირების, გარდაცვალების და გამოჯანმრთელების შესახებ გვამცნობს.

 

ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ სტატისტიკის უკან ადამიანები და მათი ისტორიები დგანან, რომლებიც არცთუ ისე სასიამოვნო მოსასმენია. თუმცა არიან ისეთები, რომლებმაც დროული ვაქცინაციის დახმარებით უმარტივესად დაამარცხეს ვირუსი. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი, სწორედ აუცრელია და ყველა მათგანმა კოვიდთან ბრძოლაში მძიმე დღეები გამოიარა.

 

დღეს სწორედ ასეთი ადამიანის შესახებ გიამბობთ, რომელმაც კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა, თუმცა პოსტკოვიდური მდგომარეობა ისე გაურთულდა, რომ არა გულისხმიერი ექიმები, არავინ იცის რა იქნებოდა დღეს.

 

59 წლის გულნარა ეჟიშვილი კახეთში, კერძოდ, სოფელ შილდაში ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, 6 თვის წინ გამოვლილი ჯოჯოხეთი და ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმები არასოდეს დაავიწყდება

 

ექიმი ნინო ჭანიშვილი ყოფილა ღმერთი, არ ვიცი, სასწაული ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა“,– გვიყვება ის და რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებულ მძიმე პერიოდს იხსენებს.

 

გულნარა ეჟიშვილი: როგორც აღმოჩნდა, მაისის ბოლოს მქონია კორონავირუსი, თუმცა ვერ გავიგე და უსიმპტომოდ გადავიტანე. ივნისის დასაწყისში დამეწყო სიცხეები და სისუსტე. დავიტესტე, მაგრამ უარყოფითი აჩვენა. რამდენიმე დღეში უფრო უარესად გავხდი, ვეღარ ვსუნთქავდი. გამოვიძახე სასწრაფო და ექიმებს ვუთხარი, რომ ფილტვების ანთება მქონდა, მაგრამ გამსინჯეს და არაფერი გჭირსო, კარგად ხარო – მითხრეს. ბოლოს უკვე ძალიან ცუდად რომ გავხდი, ოჯახის წევრებმა თელავის რეფერალურში წამიყვანეს, იქ ჯერ სწრაფი ტესტი ამიღეს, შემდეგ პისიარი, რომლის პასუხი ორშაბათს უნდა ყოფილიყო. რადგან პარასკევი იყო, საავადმყოფოდან აღარ გამომიშვეს და დამტოვეს. პასუხის მოლოდინში უფრო დავმძიმდი, გადამიყვანეს რეანიმაციაში, შემაერთეს ჟანგბადის აპარატზე და აქ დაიწყო ჯოჯოხეთი. მთელი ღამე საშინელება გამოვიარე, ახლაც არ ვიცი როგორ გადავრჩი. დილას სასწრაფოდ გამიკეთეს „კატე“ და ფილტვების დაზიანება 21 ქულა აღმომაჩნდა.

 

მაგრამ ტესტი მაინც უარყოფითს თუ აჩვენებდა, გამოდის პოსტკოვიდური გართულება წავიდა

 

– კი, კოვიდის შემდგომი გართულება იყო. თელავის რეფერალურში ვეღარ დამტოვებდნენ, უკვე ძალიან მძიმედ ვიყავი. გადამიყვანეს ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც 25 დღე გავატარე, მათ შორის 10 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ კლინიკაში ყოფილან საოცარი ექიმები. როცა შემიყვანეს რეანიმაციაში და მიმაერთეს აპარატზე, მაშინ მოვედი გონს. ყველგან ვიტყვი, რა საოცარ ექიმებთან მოვხვდი, ერთს რომ ამოიკვნესებდა პაციენტი, ზედ აკვდებოდნენ. რაც იქ ვიყავი, 25 დღის განმავლობაში, პაციენტი არ მოკვდომიათ. ექიმი ნინო ჭანიშვილი არის სასწაული. 10 დღის შემდეგ გამიკეთეს ანალიზები და ფილტვის დაზიანება 12 ქულაზე იყო ჩამოსული. ამის შემდეგ ჩამიყვანეს თერაპიულ განყოფილებაში და იქ გავაგრძელე მკურნალობა.

 

ზოგადად , ძალიან მძიმეა, როდესაც რეანიმაციაში მყოფ ამდენ მძიმე პაციენტს უყურებ და არ იცი რა იქნება ხვალ, საინტერესოა, ამ დროს როგორია ინფიცირებულის განცდები და ემოციური მდგომარეობა, რომ გვითხრათ, რას გრძნობდით თქვენ ამ დროს….

 

– იქ რომ შევედი და მივხვდი რა სიტუაცია იყო…თვალებში გიყურებენ. ნინო ჭანიშვილი არ ვიცი ქალია, ღმერთია, არ ვიცი, თვალებში გვიყურებდა, ცრემლი რომ ჩამოგვარდებოდა ის არ გამოეპარებოდა, გეკითხებოდა, რა განერვიულებს, ყველაფერი კარგად იქნება და ფსიქოლოგიურად ძალიან გვამხნევებდა. იმ წუთიდან აღარც მიფიქრია – გადავრჩებოდი თუ არა, იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ გადამარჩენდნენ. თან მე არც ვიცოდი ასეთი დაზიანება თუ მქონდა ფილტვის. როდესაც 12 ქულაზე ჩამოვიდა, მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ თურმე მანამდე 21 მქონია. თვითონვე უკვირდა ექიმს: არ მინახავს ასეთი დაზიანებით, ასე მალე გამოჯანმრთელებულიყო პაციენტიო.

 

ქალბატონო გულნარა, ვაქცინირებული თუ იყავით?

 

– არა ვაქცინირებული არ ვყოფილვარ.

 

ახლა როგორ გრძნობთ თავს?

 

– 9 – ქულიანი დაზიანებით წამოვედი კლინიკიდან, ვმკურნალობდი. მალევე დამეწყო თმის ცვენა და სულ გამცვივდა. უკვე 6 თვე გავიდა მაგრამ ძალა ისევ არ მაქვს, კიბეზე ასვლაც კი მიჭირს. ნერვული სისტემა ისეთ დღეში მქონდა, ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა. ძალიან რთული მდგომარეობა გამოვიარე ბოჭორიშვილშიც, თან ივნისის 22 იყო, ძალიან ცხელოდა, თავის კანი მომიკვდა, 1 მილიმეტრი თმაც კი არ გამზრდია, მგრძნობელობა დავკარგე, 1 კვირაა ვიგრძენი თავზე კანი რომ მაქვს და რამდენიმე დღეა, რაც შევატყვე, თითქოს, თმამ ამოსვლა დაიწყო. ამდენი ხნის შემდეგ ნელა-ნელა ახლაღა ვუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს და აღარც მინდა გახსენება, იმის, რაც მაშინ გამოვიარე.

ავტორი:

X