
დღეს საინტერესო “The Talk შოუ” გელოდებათ. წამყვანები, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მიერ მიყენებულ ტკივილზე, კონკრეტულ მაგალითებს მოჰყვებიან. ნელი აგირბა ჰყვება, სიგამხდრის სურვილმა როგორ გახადა “ანორექსიკი”.
მარიამ სანოგო მაყურებელს მოუყვება, რა გადახდა ფერადკანიანობის გამო.
მარიამ სანოგო: – 22 წლის ვიყავი, მეგობართან მივდიოდი, მშვენიერ ხასიათზე ვიყავი. შევედი სადარბაზოში და ლიფტთან დავდექი. შუა ხნის ქალი ელოდა ლიფტს. მიყურებდა. ამას მიჩვეული ვარ. მერე გაბრაზებულმა შემომხედა და ბოლოს მითხრა, შენ ლიფტში, ჩემთან ერთად, ვერ შემოხვალო!
უცებ გავშრი, ამ ასაკის ქალისგან ასეთ არაადეკვატურ მოქცევას, არ ველოდი. სწრაფად მოვედი აზრზე. მაშინ თქვენ ჩემს შემდეგ ამოხვალთ-მეთქი, ვუთხარი. მლანძღა, თავხედოო და ასე შემდეგ.
მოვიდა ლიფტი, შესვლა დააპირა, მაგრამ მე ხელით გავწიე და შევედი. გამოვტყდები, ხასიათი გამიფუჭდა. გავბრაზდი, მეწყინა და ჩემში აგრესიაც გამოიწვია. დღეს აღარ ვისტრესები ასეთი რამის გამო. ხასიათს აღარ გავიფუჭებ ნამდვილად.
როგორც მარიამი ჩვენთან საუბარში ამბობს, ძალიან მოსწონს გადაცემის გუნდთან ერთად მუშაობა.
მარიამი: – მომწონს ის, რომ გამოცდილებას ვიღებს და პროექტზე ერთად ვმუშაობთ. პროდიუსერებთან ერთად წამყვანებიც ვმონაწილეობთ თემების შედგენასა და სტუმრების მოწვევაში. მუშაობის პროცესით კმაყოფილი ვარ.
მგონია, რომ გადაცემა უკვე კარგად ასრულებს იმ სოციალურ პასუხიმგებლობას, რაც ტელევიზიას აკისრია.
ერთმა მეგობარმა ბიჭმა, როდესაც კაცების მხრიდან ქალების ძალადობაზე ნახა ჩვენი გადაცემა, ყველა კაცის ნაცვლად, ბოდიში მომიხადა.
იმედია, ჩვენს საზოგადოებას პრობლემების მოგვარებაში დავეხმარებით. ჩვენ მაყურებლთან დიალოგის რეჟიმში ვართ. მათ მოწერილს ვკითხულობთ, ვეპასუხებით, ვითვალისწინებთ. მოკლედ, ყველას ძალიან მოგვწონს ამ პროექტზე მუშაობა.
























