
პირველ ივლისს 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.
საგამოცდო პროცედურების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მიმართა, რომ არ უნდა დაავიწყდეთ სპეციალურ სივრცეში მობილური ტელეფონების დატოვება, გამოცდაზე ელექტრონული მოწყობილობის, ან სხვა დამხმარე მასალის აღმოჩენის შემთხვევში ისინი გამოცდიდან მოიხსნებიან.
„აბიტურიენტმა თან შეიძლება იქონიოს სათადარიგო პირბადე, კალამი და ასევე წყალი. სხვა ნივთები თუ ექნება, შეეძლება ჩააბაროს, მაგალითად ტელეფონი.
მობილური ტელეფონი აუცილებლად უნდა ჩააბაროს სპეციალურ სივრცეში. აბიტურიენტებს შევახსენებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდის მიმდინარეობის დროს ტელეფონს აღმოვაჩინეთ, ან ნებისმიერი სახის დამხმარე მასალას, სამწუხაროდ, გაფრთხილების გარეშე იხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან, ამიტომ ვთხოვთ მათ, რომ არ დაავიწყდეთ გამორთულ მდგომარეობაში ჩააბარონ ტელეფონები“, – განაცხადა გორგოძემ.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია დილის 08:00 საათიდან დაიწყება და აპლიკანტები რამდენიმე პროცედურას გაივლიან. საგამოცდო ცენტრში შევლენ დისტანციის დაცვით, გაივლიან დეზობარიერს, დაიმუშავებენ ხელებს, ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და მას შემდეგ შეძლებენ რეგისტრაციაზე შესვლას. მათ თან უნდა ჰქონდეთ საგამოცდო ბარათი და ასევე პირადობის მოწმობა.























