
მეუფე სპირიდონი რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველის, მაკა სულაძის გადაწყვეტილებას, რომ აქციაზე მყოფი სხვა რელიგიის წარმომადგენლების პატივსაცემად დიდი ჯვრის ტარებაზე უარს ამბობს „მძიმე ცოდვას“ უწოდებს.
„ძალიან მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი, ჯვრის ძალა იქნა დაგმობილი. სხვებს არ ეწყინოს, მე ამ სიმბოლოს(ჯვარს) აღარ ვატარებო. რწმენა, მამული და ენა. თქვენ გინდათ, რომ ახლა ეს გაგლიჯოთ. მამული ღმერთის ღალატის ხარჯზე დავიცვათ? შენ ეროვნულ მოღვაწედ, რომ მოგაქვს თავი და ვითომ წმინდა საქმეს ემსახურები. ის საქმე წიმინდაა, მაგრამ არა წმინდად ემსახურები. როცა შენ არ გაარჩევ ეშმაკს ღვთისაგან,“ – ამბობს მეუფე სპირიდონი.
ცნობისთვის, „ნამოხვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგე, მაკა სულაძე, რომელსაც აქციებზე მუდმივად დიდი ჯვარი ეჭირა ხელში, სხვა რელიგიის წარმომადგენლების პატივსაცემად ამ ფორმით პროტესტის გაგრძელებაზე უარი თქვა.
„გთხოვთ, თუ გინდათ ვიყოთ მართლაც თავისუფლები, მართლაც დამოუკიდებლები, მართლა ღირსეული ერი, ერთმანეთს ვცეთ პატივი, ერთმანეთის ღირსება დავიცვათ და რაღაც დავთმოთ. თუკი ჩვენი წარდგენა საზოგადოებაში რაიმე ნიშნით პრობლემას უქმნის, მოდი და შევცვალოთ.
გადავწყვიტე, რადგან თბილისი მრავალფეროვანი ქალაქია, მე ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რომ განმასხვავებელი ნიშანი ატაროს”, – თქვა მაკა სულაძემ.
მანამდე კი, 24 მაისს თბილისში გამართულ აქციაზე, გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი „სირცხვილიას” აქტივისტს, სალომე ბარკერს დაუპირისპირდა და LGBTQ სამკლაურის გამო, აქციის დატოვება მოსთხოვა.























