
საბჭოთა ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით საშიში ადამიანები გიჟებად გამოეცხადებინა. ასე ხომ მათ აღარავინ დაუჯერებდათ.
ადამიანები იძულებით მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა ასეთი მონაცემები, უბრალოდ, არ არსებობდა. პირველ რიგში მათი სახელებისა და გვარების მოძიება იყო საჭირო.
ამის გასარკვევად „პრაიმტაიმმა“ იმ ადამიანების სახელები და გვარები მოიძია, ვინც 1929 წლიდან 1988 წლის ჩათვლით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჟურნალში გაუტარებიათ.
საქართველოს სიყვარულს შეწირული თავადის ისტორია
„1921 წელს მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ ბოლშევიკური საფრთხე ძალიან რეალური იყო. ანტანტის უმაღლესმა საბჭომ 1921 წკის 26 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საქართველოს პრობლემას ბოლშევიკური რუსეთის საშნაო საქმედ მიიჩნევდნენ და ხელს უშლიდნენ საქართველოს მიღებას ერთა ლიგაში. ისინი კარგად ხვდებოდნენ, რომ რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებდა დამოუკიდებელ საქართველოს.
მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი უკვე ხელში ჰყავდა ჩაგდებული. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა საქართველო დაიპყრო და მის ავტონომიურ რესპუბლიკად დაშლას შეუდგა.
16 მაისს რევკომმა – აფხაზეთის, 16 ივლისს – აჭარის, 1922 წლის 20 აპრილს კი ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკები შექმნა.
ქართველი მენშევიკები იატაკქვეშა, არალეგალურ მუშაობაზე გადავიდნენ. რუსეთის იმპერიას კარგად ესმოდა, რომ კომუნისტური რეჟიმის დასამყარებლად უნდა მოესპო ყველა ანტისაბჭოთა ელემენტი, ამიტომ 1922 წელს მენშევიკთა მასობრივი წმენდა დაიწყო.
1922 წლის 24 დეკემბერი იდგა. სოფელ კულაშის მოსახლეობა თავჩახრილი მიუყვებოდა გაყინულ გზას, ყველა დუმილს არჩევდა.
სიჩუმეს მხოლოდ ბათუმში რუსი ჯარისკაცის ხელით მოკლული შალიკო კანდელაკის ცოლის, ლუბას ქვითინი არღვევდა, რომელიც ქმრის კუბოს მიჰყვებოდა.
შავი კაბის კალთაზე უკან ადევნებულ ბავშვებს ჩაევლოთ ხელი და აქეთ-იქით გაოგნებულები იყურებოდნენ. სასაფლაოს რომ მიუახლოვდნენ, ხალხს მაღალი, თაფლისფერთვალება კაცი გამოეყო.
ოფივერი აკაკი მიქელაძე ყოფილი თავადი იყო. მან ახალუხიდან ოთხად დაკეცილი ქაღალდი ამოიღო და გამოსათხოვარი სიტყვა ხმამაღლა, მთელი სოფლის გასაგონად წაიკითხა. ასეთ სითამამეს არავინ ელოდა:
„მოქალაქენო, აჰა, უდანაშაულო მსხვერპლი, ბოროტის ხელით მოკლული, ყველასთვის საყვარელი ადამიანი – შალიკო კანდელაკი. ძმაო შალიკო, შენმა სიკვდილმა თავზარი დასცა არა მარტო შენს ოჯახსა და შენიანებს, არამედ ყველას, ვისაც შენი სახელი გაუგონია…

… შენ მოულოდნელად დაეცი ბათუმში, რუსის ჯარისკაცის ხელით და ეგ მოვლენა დამაფიქრებელია, თუ ეგ მარცხი იყო, ეგ გაუგებრობა იყო. უსათუოდ დღეს აქ უნდა ყოფილიყო იმ დაწესებულების წარმომადგენელი, სადაც შენ მსახურობდი.
ეს გვირგვინები, რომელიც გიძღვნა შენ იმ შტაბმა, პირადად მე არ მაკმაყოფილებს, რადგან ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული შენი მკვლელობა. მეიმედება, მე ამ სიტყვაზედ დამაპატიმრებენ, მაგრამ მე მაინც ვიტყვი.
სიკვდილი შენს მკვლელს, ზიზღი და კრულვა“.
გლეხები – სამსონ სტურუა, ანტონ სტურუა, კოტე კანდელაკი, დათო კანდელაკი და პავლუშა კიკაჩეიშვილი შეშინებულები ადევნებდნენ თვალს აღელვებულ თავადს.
ამის შემდეგ აკაკი მიქელაძემ თანასოფლელებს სთხოვა, შემოწირულობა გაეღოთ შალიკოს საფლავზე პატარა ძეგლის დასადგმელად. ასევე შესთავაზა, შეექმნათ სპეციალური კომისია, რომელიც ბათუმის შტაბსა და „ჩეკას“ სპეციალურ წერილს გაუგზავნიდა, რითაც შალიკო კანდელაკის მკვლელის სასტიკად დასჯას მოითხოვდნენ.
ცხადია, მკვლელი არავის დაუსჯია, სამაგიეროდ „ჩეკას“ წარმომადგენლები 30 დეკემბერს სახლში მიადგნენ აკაკი მიქელაძეს და საგუბერნიო გამოსასწორებელ სახლში გადაიყვანეს.
თუმცა მიქელაძე ამ აზრს შეგუებული იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა, ასე ადვილად არ დანებებოდა. ამიტომაც პოლიტბიუროს გამომძიებელ კიკალიშვილს სიტყვას არ არჩენდა.
როცა გამწარებულმა გამომძიებელმა დაუყვირა, აკაკი მიქელაძე მას დაემუქრა კიდეც. სხვათა შორის, ეს დიალოგი სრული სიზუსტითაა აღწერილი დაკითხვის ოქმში:
– ფრთხილად იყავი, კიკალიშვილო, შენ სულ მაგ სტოლთან კი არ იჯდები!
– მიქელაძე, შენ გაჩუმდი, თორემ იცოდე ჩაგაგდებ პადვალში! – მიუგო კიკალიშვილმა.

– მე ვარ აკაკი მიქელაძე და შენ პადვალში ვერ ჩამაჯენ, კიკალიშვილო!
– ფეხზე წამოხტა თავადი და სცადა , გამომძიებლისთვის დაერტყა.
კიკალიშვილმა გადაწყვიტა, მიქელაძს წინააღმდეგ სხვა მეთოდით ემოქმედა. ის დანაშაულს არ მალავდა და გამოსატეხიც არაფერი სჭირდა. ახლა მთავარი იყო, საქმე ისე შემოებრუნებინათ, რომ თავადის რევოლუციური განწყობა სხვებსაც არ გადასდებოდათ. ამიტომ სიბრაზე მოთოკა და თავადს წყნარად უთხრა:
– კარგი, ამხანაგო მიქელაძე, დაწყნარდი ახლა და მშვიდად ვილაპარაკოთ,-შესთავაზა თავადს.
მეორე დღეს კი ეს ამბავი პირის დასაბანად გამოსულმა სხვა პატიმრებს უამბო. თან სიცილით დააყოლა : „კიდო რა იცით ახანაგებო? კუჭუხიძე პოლიტბიუროს თავჯდომარე პარტნოი ყოფილა, შარვალი დამეხა და ჩამოვიდეს ერთი დამიკეროს, უთხარით“.
მიქელაძე მაშინვე დაასმინეს.
პირველ იანვარს ციხის თანამშრომელმა ქალმა, ნინა კუკულავამ ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს პოლიტპატიმართა რწმუნებულების, ამხ. ნოე კალანდაძის სახელზე წერილი აფრინა, სადაც დეტალურად მოყვა, დილის ათ საათზე ფანჯარაზე გადმომდგარმა, როგორ გაიგონა, რას უყვებოდა მიქელაძე პატიმრებს პირის დაბანისას…
„ტუსაღებმა შეჰყვირეს: „სუ, გაჩუმდი, არ გაგიგონონ“, „ქალბატონო ნინა, თქვენ არ დაგვასმინოთო“, – ასე ასრულებს ნინა კუკულავა თავის წერილს, რომლითაც, ფაქტობრივად , განაჩენი გამოუტანა აკაკი მიქელაძეს.
საქმეშვე ინახება პატარა ფურცელი, რომელზეც აკაკი მიქელაძემ ეს ამბავი ლექსად დაწერა:
„არ მოვწონვარ კიკალიშვილს
ჩამომაგდო ბნელ პადვალში
იმასა გთხოვთ თუ მე რა ვსთქვი
გუშნ დილას ფეხსალაგში“.
თავადმა ლექსი არ იკმარა და კიდევ მოძებნა პატარა ფურცელი , რომელზეც ასეთი წარწერა გააკეთა: „გუშინ რაცა ვსთქვი, დღესაც ვიტყვი. გადაეცით კიკალიშვილს, მისი არ მეშინია, ვერ ამომთხრის ენას და კბილებს“. 1 იანვარი, 1923 წ.
როგორც ჩანს, გადაწყვიტეს მიქელაძე გიჟად გამოეცხადებინათ, რათა მისი გამოხტომები სერიოზულად აღარავის მიეღო. აკაკი მიქელაძეს პირადად მიამართვინეს სპეციალური კომისიისთვის, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეემოწმებინათ.
მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ოფიცერს ფრონტზე თავში ტყვია მოხვდა, რომელიც ვერ ამოუღეს, ამის გამო ნერვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა.
მსგავსი შინაარსის წერილი დააწერინეს 4 იანვარს აკაკი მიქელაძს დედას, ნესტან გიორგაძეს, ხოლო 29 იანვარს „ჩეკას“ ასეთივე წერილი გაუგზავნა დეიდამ – დომინიკა ზურაბ აბაშძის ასულმა. ეს ქალბატონი წერილით ადასტურებდა, რომ აკაკი მიქელაძე ნამდვილად გიჟი იყო.

1923 წლის 13 თებერვალს აკაკი მიქელაძემ პოლიტბიუროს თავჯდომარეს მიმართა წერილით, რომლითაც ითხოვდა, მისთვის დაბანის საშუალება მიეცათ:
„ვინაიდან თითქმის ორი თვე არის, რაც დაპატიმრებული ვართ და ამ ხნის განმავლობაშ ტანი არ დაგვიბანია, რის გამოც უსუფთაობა ძალიან გვაწუხებს. ციხეს კი არ აქვს საშუალება, ამ მოკლე დროში გაათბოს აბანო, ამიტომ გთხოვთ, მოგვცეთ საშუალება, ვისარგებოთ ქალაქის აბანოთი“.
აკაკი მიქელაძემ ციხეში ექვსი თვე გაატარა, იქიდან კი გიჟის სტატუსით გამოუშვეს. სამაგიეროდ, საქმეში დარჩა მისი ლექსები, რომელსაც მიქელაძე „სევდიანის“ ფსევდონიმით წერდა:
„მრავალტანჯული სამშობლოს თავზე კვლავ აიშალა შავი რრუბლები, არაბთა ჯარი, მკვლელი სტუმრები“.
რას აკეთებდა აკაკი მიქელაძე 1923 წლიდან 1930 წლის ჩათვლით, უცნობია. 1930 წლის 10 თებერვალს ის ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინეს დიაგნოზით – დეგენერატიული ფსიქოზი, იგივე ალცჰეიმერის დაავადება.
თუ სამედიცინო კუთხით შევხედავთ, ეს ნელა პროგრესირებადი ტვინის დაავადებაა, რომელიც ნერვული უჯრედების რეგენერაციის შედეგად ვითარდება და ძრითადად მოხუცებს ემართებათ. ეს დაავადება ჭკუასუსტობასა და ინტელექტის დაქვეითებას იწვევს.
სჭირდა თუ არა აკაკი მიქელაძეს დეგენერატიული ფსიქოზი რეალურად? ახლა ეს ძნელი დასადგენია, თუმცა, მისი წარსულიდან გამომდინარე, დიაგნოზი რეალურად ის განაჩენი იყო, რომელიც, შეურიგებელი ხასიათის გამო, მას საბჭოთა ხელისუფლებამ გამოუტანა.
რა ბედი ეწია ამის შემდეგ აკაკი მიქელაძეს, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას მემკვიდრეები არ დარჩენია.აკაკი მიქელაძის გარეგნულ მონაცემებზე კი მხოლოდ სიტყვიერი ინფორმაცია შემოგვრჩა:
საშალოზე მაღალი, მოგრძო სახე, შავი თმები, თაფლისფერი თვალები, შავი, ძირს დაშვებული ულვაშები…
„პრაიმტაიმი“ ეტაპობრივად მოგაწვდით იმ ადამიანების შესახებ საარქივო მასალებს, რომლებიც კომუნიზმის რეპრესიებმა შეიწირა და გიჟად შერაცხა.






















