
„ღმრთისმოსავი ისააკი წარმოშობით იტალიელი არ იყო, მაგრამ მე მის მიერ იტალიაში აღსრულებულ სასწაულთა შესახებ ბევრი გადმოცემა არსებობს.
როგორც წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის ჩანაწერებიდან ირკვევა, ის უპოვარებას ფხიზლად იცავდა და მუდამ მტკიცედ პასუხობდა, რომ „ვინც მიწიერ საუნჯეს ეძებს, ის მონაზონი არ არის“.
სირიიდან სპოლეტოში პირველად რომ ჩამოვიდა, ტაძარში შევიდა და ეკლესიის მსახურთ სთხოვა, ნება დაერთოთ იმდენ ხანს ელოცა, რამდენიც მოესურვებოდა.
მთელი დღე და ღამე ლოცვაში გაატარა, ასევე ორი მომდევნო დღე და ღამეც დაუცხრომელად ლოცულობდა.
ტაძრის ერთ-ერთმა მსახურთაგანმა, რომელიც ამპარტავნების სულით იყო აღვსილი, ამ შემთხვევით სარგებლობის ნაცვლად, მხოლოდ წარსაწყმედელი ვნება მოიმკო.
მან წმინდანის შესახებ ხმამაღლა და კადნიერად დაიწყო ლაპარაკი, რომ ის თვალთმაქცი და მატყუარაა, სხვების წინაშე თავის მოწონება ხანგრძლივი ლოცვით სურს.
შემდეგ ღმრთის მონას მივარდა და ცემა დაუწყო. უეცრად მას ბოროტი სული ეკვეთა, ღმრთის კაცის ფერხთით დასცა და მისი პირით აყვირდა: „ისააკი განმდევნის მე“.
ღმრთის მონა მყისვე შეპყრობილის სხეულზე განერთხა და ბოროტი სული მისგან განდევნა.
***
ერთხელ, საღამოხანს, მან ბრძანა მონასტრის ბოსტანში რამდენიმე ბარი დაეტოვებინათ.
იმავე ღამეს ლოცვისთვის ამდგარ ძმებს უბრძანა: „მუშაკებისთვის შეჭამანდი მოხარშეთ, რომ დილაადრიან მზად იყოს“. დილით უბრძანა, შეჭამანდი ბოსტანში წაეღოთ.
აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს ქურდები აპირებდნენ მონასტრის გაძარცვას. ბოსტანში რომ შეიპარნენ, ღვთის ნებით, ბარები აიღეს და ისააკის მისვლამდე შეუსვენებლად მუშაობდნენ.
მათ დაუმუშავებლად დარჩენილი მიწა დაბარეს. „გამარჯობათ, ძმებო! უკვე დიდი ხანია შრომობთ. დროა, დაისვენოთ!“ – უთხრა მათ ღმრთის მონამ.
შემდეგ მოტანილი შეჭამანდი შესთავაზა, რათა მომქანცველი შრომის შემდეგ ენუგეშათ.
ბოლოს კი უთხრა: „ბოროტებას ნუ ჩაიდენთ, როდესაც რაიმე დაგჭირდებათ, კარებთან მოდით, მშვიდად ითხოვეთ და კურთხევით მიიღებთ, ხოლო ქურდობისგან თავი შეიკავეთ“…
***
ერთხელ მოწყალებისათვის უცხოტომელებმა მიაკითხეს, რომელთაც ფრიად დაკონკილი სამოსი ეცვათ და წმინდანს ტანსაცმელი სთხოვეს, მან კი ერთ-ერთ მოწაფეს ფარულად უბრძანა: „წადი ტყეში, ამა და ამ ადგილას ხის ფუღუროში ტანსაცმელს ნახავ და მოიტანე“.
მოწაფემ მოძღვრის სიტყვები აღასრულა. ისააკმა ტანსაცმელი ნახევრადშიშველ უცხოტომელებს მისცა და უთხრა: „თითქმის შიშვლები ხართ, ეს ტანისამოსი გამომართვით და ჩაიცვით“.
მთხოვნელებმა მაშინვე იცნეს ტყეში დატოვებული თავიანთი ტანსაცმელი და შერცხვენილები ძრწოლამ მოიცვა…
***
ერთხელ ერთი ადამიანი წმინდანისგან ლოცვას ითხოვდა და მას მონის ხელით სანოვაგით სავსე ორი კალათი გაუგზავნა. მონამ ერთი კალათი გზაში გადამალა.
ბერმა ძღვენი სიყვარულით და მადლობით მიიღო და მონას უთხრა:
„გაფრთხილდი, როდესაც გზაზე გადამალულ კალათს აიღებ: მასში გველი ჩავიდა, ამიტომ საშიშია, მოულოდნელი შეხების გამო არ გიკბინოს“.
ამ სიტყვებმა მონას ძრწოლა მოჰგვარა. ერთი მხრივ, უხაროდა, რომ სიკვდილს გადაურჩა, ხოლო მეორე მხრივ, დანაღვლიანდა, მაგრამ სირცხვილი მან ისე აიტანა, როგორც მაცხოვნებელი სასჯელი…
ამგვარად, ეს წმინდანი თავშეკავების სათნოებას, ყოველივე მსწრაფლწარმავალის მოძულებას და წინასწარმეტყველების ნიჭს ლოცვისადმი არაჩვეულებრივ გულმოდგინებას უერთებდა.
უჩვეულო მხოლოდ ერთი რამ იყო: ის ზოგჯერ იმდენად მხიარულდებოდა, ვინც არ იცნობდა, ვერაფრით დაიჯერებდა, რომ უდიდეს სათნოებებს ფლობდა“.
ღირსი ისააკ ასურის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია 25 აპრილს აღნიშნავს. ამასთან, იგი არ უნდა აგვერიოს VII საუკუნის მოღვაწეში – ნინევიის ეპისკოპოს ისააკში, რომელსაც ეკლესია 10 თებერვალს იხსენიებს.
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი






















