
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით საუბრობს.
როგორც პროფესორი ამბობს, რეინფიცირების რისკი ამ შემთხვევაში დაბალია, რადგან ზოგადად, მსოფლიოში რეინფიცირების ნაკლები შემთხვევები ფიქსირდება.
„მსოფლიოში რეინფიცირების 31 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს მცირე რიცხვია, შესაბამისად შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს არ არის დამახასიათებელი, შესაბამისად კორონავირუსით ხელახალი დაინფიცირება არ განიხილება“,- ამბობს ივანე ჩხაიძე.
პროფესორი ბავშვების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯერ არ არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ ვირუსის ახალი სახეობა ბავშვებში რთულად მიმდინარეობს.
„ის კვლევები, რომლებიც ჩატარებულია, არ მიუთითებს, რომ კორონავირუსის ეს სახეობა უფრო მეტადაა საშიში ბავშვებისთვის“,- ამბობს პროფესორი.
შეგახსენებთ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გავრცელდა.























