
რეიტინგული სერიალის გადაღებები შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციამ ტელეკომპანია “ფორმულას” პროდიუსერისგან, ირაკლი საღინაძისგან გაიჟღერა.
“ჩცდ”-ს სცენარისტის, ქეთი დევდარიანის ფეისბუქის გვერდზე, ვინმე თეიმურაზ ტომარაძე შემდეგ პოსტს აქვეყნებს: “სახლებში ჯდომის დაზაფრულობა-პანიკასთან რომ არ დავმარცხდეთ, არ გავგიჟდეთ და გადავირიოთ, ამ კორონა-მორონას გასტუმრებამდე ჩცდ-ს ყოველდღიური ჩვენების (ძველი სერიების ჩვენებას არ ვგულისხმობ) რეჟიმში გასპეცპროექტება საშური საქმე იქნება, რომელიც არსებულ სიტუაციაში ერის და ბერის ყოველდღიური ზაფრის და რუტინის პულს ყველასთვის და ყველაფრისთვის სასარგებლოდ ხელს დაადებს და დაამშვიდებს.”
მას ქეთი პასუხობს: “ანუ, ჩცდ-ს სადმე სხვა პლანეტაზე ვიღებთ და არ ეხება ის შეზღუდვები, რაც ქვეყანაში დაწესდა? დაკეტილი ლოკაცები, იზოლაციაში მყოფი ადამიანები და შეკრების შეზღუდვა?”
იქვე ირაკლი საღინაძე ტოვებს კომენტარს: სამწუხაროდ შეწყდა გადაღებები და კრიზისის ამოწურვამდე ჩცდ ეთერში ვეღარ გავა.
“პრაიმტაიმი” ირაკლის ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა კითხვით, ნამდვილად შეწყდა თუ არა ჩცდ-ს გადაღებები.
ირაკლი საღინაძე: – იმ კაცის ჯინაზე დავწერე ის კომენტარი. ჯერ ვცდილობ, რომ არ გავჩერდეთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში გავჩერდებით.






















