
“შიმშილი არ არის სირცხვილი… მე ეს გამომიცდია და არა ღრმა ბავშვობაში”,-ამ სიტყვებით მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ უფასო სასადილოს გახსნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხანდახან ადამიანისთვის უმცირეს საკვებიც კი ძალის აღდგენისა და ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.
“სანამ სახელმწიფოს დავიბრუნებთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევა ყველაზე გაჭირვებულების დასახმარებლად. შიმშილი არ არის სირცხვილი. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ისეთი, რის გამოც შეიძლება შიმშილის პრობლემა დაგიდგეს. მე ეს გამომიცდია და არა ღრმა ბავშვობაში, არამედ მერეც. ამიტომ ზუსტად ვიცი რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ხანდახან უმცირეს საკვებსაც კი, რომელიც ფიზიკურად ძალის აღდგენის და ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. მე აუცილებლად მივიტან რასაც შევძლებ”,- წერს ტორესა მოსი.
ცნობისთვის, მოქალაქეების მიერ უფასო სასადილოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომხმარებელმა, ირინა ვეკუამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაეხმაროს ამ სასადილოს ბურღულეულით ან რაიმე სხვა სახის პროდუქტით.
“მეგობრებო! რუსთაველის მეტროს უკან, ძალიან კარგმა ადამიანებმა, გახსნეს უფასო სასადილო (არა-სახელმწიფო) და საკუთარი ხარჯებით აპურებენ გაჭირვებულ ადამიანებს
დავფიქრდეთ, წინ ზამთარია, გავიხსენოთ სად ვცხოვრობთ და რამდენ ადამიანს უჭირს (მთავრობა რას აკეთებს არ დაწეროთ, არაფერს და შენ გააკეთე) შევუერთდეთ ამ კეთილშობილურ საქმეს!
არავინ გთხოვთ თანხის ჩარიცხვას, უბრალოდ, 1 კგ. ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული შეგიძლიათ მიიტანოთ და ყველა ერთად დავეხმაროთ მათ, ვისაც მართლა ძალიან უჭირს. სჭირდებათ ჭურჭელიც.
რუსთაველის მეტროს უკან, მაკდონალდსის გვერდით. ზანდუკელის 2. უფასო სასადილო. ლალი ჭანიშვილი”,- წერს ირინა ვეკუა.
ასევე დაგაინტერესებთ:























