
აგვისტოს დასაწყისია და მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომიდან უკვე 12 წელი გავიდა, ეს თემა ისევ ცხელი და ემოციურია ჩვენთვის.
შინდისის გმირები ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლები არიან და მათზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. ისინი მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმებად უკვდავყო პროექტ “შინდისის” ავტორმა – ედმონდ მინაშვილმა და მსოფლიოს გააცნო.
ედმონდმა თავის მნიშვნელოვან პროექტში შეიტანა როგორც ფილმების გადაღება, ასევე მემორიალის, ეკლესიის და მუზეუმის მშენებლობა სოფელ შინდისში. საქართველოს კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უძრავი ძეგლის სტატუსი სწორედ ამ მემორიალს მიანიჭა.

ედმონდ მინაშვილი: – ამ სტატუსის მინიჭება კი იმას ნიშნავს, რომ მასზე მზრუნველობას და მეთვალყურეობას ოფიციალურად იღებს სააგენტო. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საქმეა.
ჩვენი შემდეგი ეტაპია ამ ადგილას შინდისის გმირების მუზეუმის მშენებლობა. იქ შემორჩენილია ძველი რკინიგზის სადგურის შენობა, სადაც აგვისტოს ომის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა მიმდინარეობდა და რამდენიმე მებრძოლი ზუსტად ამ შენობაში გარდაიცვალა. მისი დემონტაჟი არ მომხდარა, დავტოვეთ, რადგანაც გვაქვს იდეა, რომ სწორედ მის ბაზაზე აშენდეს მუზეუმი. ამ იდეის მხარდამჭერები არიან, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე საქართველოს კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ამ ტერიტორიაზე ეკლესია საკუთარი სახსრებით ააგო კახა კალაძემ. ამჟამად ტაძრის მოხატვა მიმდინარეობს. როგორც ვიცი, საკურთხეველი თავიდან ბოლომდე დასრულებულია.
შარშან, ფილმ “შინდისის” პრემიერის წინ, “პრაიმტაიმზე” გავაჟღერე პირველად, რომ ფილმის გაქირავების დროს შემოსულ თანხას სრულად მოვახმარდი ამ ტაძრის მოხატვას. რაც პანდემიამდე შემოვიდა, მე ეს თანხა სრულად გადავურიცხე ეპარქიაში მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას. ხატმწერზე თვითონ მეუფემ გააკეთა არჩევანი.
მალე გაიხსნება მონუმენტი, რომელზეც ნუგზარ ჭავჭავაძე მუშაობს და ჩვიდმეტივე გმირის პორტრეტული გამოსახულებაა. მონუმენტი ტაძრის ეზოში, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაიდგმება.
საქართველოს კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მინდა ყველა გმირის ოჯახის სახელით მადლობა გადავუხადო იდეისთვის – მათი სურვილია სრული ტერიტორია იყოს დაცული და არა მხოლოდ მემორიალი.
ჩემი ბოლო და მთავარი ოცნებაა შინდისის გმირები სასკოლო სახელმძღვანელოებში შევიტანოთ. ახლა ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, მალე დასრულებული სახით მექნება პროექტი და ოფიციალურად წარვუდგენ შესაბამის უწყებებს.























