21:35 | 2020-03-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შს მინისტრი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საგანგებო რეჟიმის დარღვევა 3000-დან 15 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს

შს მინისტრი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საგანგებო რეჟიმის დარღვევა 3000-დან 15 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს

საგანგებო რეჟიმის დამრღვევი ფიზიკური პირები 3000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

შსს მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საჯარიმო სანქციას და მოქალაქეებს წესრიგისკენ მოუწოდა.

 

„გასულ დღეებში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორ ხდებოდა თვითიზოლაციის თუ კარანტინის რეჟიმის დარღვევა, საერთო ჯამში 100-ზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გაკონტროლება გაგრძელდება და დაემატება ადმინისტრაციული ჯარიმა – 3000 ლარი, მეორე დარღვევის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება.

 

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც არც თვითიზოლაციაში და არც კარანტინში იმყოფებიან, მათ ეხებათ რეკომენდაციები 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვის შესახებ. ასევე მათ მიეცათ რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს სალარო აპარატთან რიგის დაცვა და დისტანცირება. დიდ სუპერმარკეტებში შეიძლება 10 კაციც და 100 კაციც შევიდეს, მაგრამ იქაც უნდა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები – პირბადე, დამცავი საშუალებები, დისტანცირება.

 

რესტორნები დაიხურა, მაგრამ თუ იქ შეიკრიბება ხალხი, დაჯარიმდებიან როგორც რესტორნების მეპატრონეები, ასევე დამრღვევი ფიზიკური პირები“, – განაცხადა გომელაურმა.

 

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა პრეზიდენტის წარდგინებას.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X