
17:24 | 2020-08-17
შსს-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ბაუჰაუსის“ ორივე თანამშრომლის ცხედარი ნაპოვნია

შინაგან საქმეტა სამინისტროს ცნობით, მდინარეში ნაპოვნი მეორე ცხედარიც „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბარ “ბაუჰაუს”-დან გაუჩინარებული გოგონას ცხედარი დღეს, მამაკაცის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათის წინ ასევე მდინარე მტკვარში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.
საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მასველებმა მდინარე მტკვარში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც ასევე „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია.























