
თელაველი ძმების დაჭრისათვის დაკავებული, მცხეთაში მცხოვრები, 21 წლის გიორგი გელიაშვილია. გელიაშვილი ამჟამად, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, მას ბრალს, დღეს საღამოს წაუყენებენ. გელიაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ძმები ნიკოლოზ და თორნიკე რაზმაძეები დაჭრა. მანამდე, მან მეგობარ გოგონაზე იძალადა.
ორივე დაჭრილი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.
რაზმაძეების ოჯახის წევრებისათვის მომხდარის მოტივი უცნობია. დაჭრილების დეიდის, მანანა ბაზერაშვილის განმარტებით, რას მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება და შემდეგ დაჭრა, ოჯახს ინფორმაცია არ აქვს.
„არაფერი ვიცით, გაგვაგებინეს დაჭრილები არიანო და მოვედით. რა მოხდა, რეალურად, ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ბაზერაშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდებს შემავალი ნაჩხვლეტი ჭრილობები აქვთ, რის გამოც ახლობლები გელიაშვილის მხრიდან, ე.წ „სპიცის“ გამოყენებას ვარაუდობენ.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, თუმცა სამართალდამცავები კვალიფიკაციის შეცვლას არ გამორიცხავენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
დაგაინტერესებთ ⇓























