
გუშინ, რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დღეს, აღნიშნული ფაქტის შესახებ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს დანაშაული ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა.
“პრაიმტაიმი” აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დანაშაული ჰომოფობიური ნიადაგზე მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება:
“გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება და არის დეზინფორმაცია. გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ერთმანეთისთვის უცნობმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქეებმა, ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა”, – განგვიცხადეს შსს-ში.
ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, რაც შეეხება ფაქტს სიმთვრალის ნიადაგზე მომხდარ გაუგებრობას უკავშირებს.
„დუმილის უფლებას იყენებს, რაც კანონით არაღიარებას ნიშნავს. რაღაც გაუგებრობა მოხდა სიმთვრალის ნიადაგზე, რის შედეგადაც დაიწყო ჩხუბი და მოხდა მერე ის, რაც მოხდა“, – აცხადებს არჩილ ცაგურია.
აღსანიშნავია, რომ შსს-მ დანაშაული ცხელ კვალზე გახდა და 2 პირი დააკავა.






















