
ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მკვლელობა 1965 წელს დაბადებული, ტყიბულში მცხოვრები ზაზა კუპატაძის შეკვეთით მოხდა, რომელსაც ზაურ, იგივე კუკა სოფრომაძესთან პირადი ანგარიშსწორება აკავშირებდა.
„მთავარი არხი“ 4 წლის წინ გადაღებულ კადრებს ავრცელებს, რომელშიც ზაურ სოფრომაძის და ზაზა კუპატაძის დაპირისპირებაა ნაჩვენები.
კადრებში კარგად ჩანს როგორ ელოდება კონკრეტულ პირს სოფრომაძე და მისი მიახლოებისას მანქანაში მსხდომებს თავდასხმის მზადყოფნისკენ აფრთხილებს. მანქანიდან გადმოსული რამდენიმე პირი, სოფრომაძეს სასტიკად უსწორდება, მანქანას შემთხვევის ადგილზე ტოვებენ და გარბიან.
ტელეკომპანიის მტკიცებით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა სწორედ აღნიშნული დაპირისპირება გახდა და ზაზა კუპატაძემ თავდასხმისთვის შური იძია.
34 წლის ზაურ, იგივე კუკა სოფრომაძე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ტყიბულის შესასვლელთან მოხდა.
საგამოძიებო მოქმედებები და დაკითხვები ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი ადამიანი დააკავა.























