
შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, საქართველოს დღეს ეწვევა.
სწორედ მას დააკისრა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს კომისართან შეთანხმებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვა.
კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 მარტს საქართველომ მიიღო მკაფიო, შეიძლება ითქვას, ხისტი გზავნილებიც კი ევროპარლამენტარებისგან.
ხისტი გზავნილები ბრიუსელიდან
ევროაპრალემენტარები როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებენ, რომ ორივე მხარემ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს კომპრომისზე შეთანხმებაში.
ჟოზეპ ბორელის განცხადებით, „ევროკავშირის მნიშვნელოვან ასოცირებულ პარტნიორ“ ქვეყანაში, შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარება, რომელიც „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უკანასკნელი თვეების განმავლობაში სერიოზული შეშფოთების მიზეზს იძლევა მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო.
ვითარება შეიცავს საფრთხეს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას“,- განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ყველა მხარეს მოუწოდებს, „თავი შეიკავონ“ პროვოკაციული მოქმედებებისგან.
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი – გერმანია, მწვანეები:
„საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება. ამ არეულობაში ბრალი ორივე ბანაკის პოლიტიკოსებს მიუძღვით. მათ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარი ეგო დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაცია არჩიეს.
ამ კრიზისის მოსაგვარებლად, ევროკავშირი ფასილიტატორობიდან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, რაც ახლა გავაკეთეთ. ქვაკუთხედი ამ სიტუაციაში ქართველი ხალხი უნდა იყოს – სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ მომდევნო არჩევნების ბედი და დრო.
ეს არჩევნები მხოლოდ უკიდურესი გამოსავალი იქნება და არა გრძელვადიანი მოგვარება. სრულყოფილი, ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე კრიზისი კვლავ განმეორდება. სასამართლო სისტემის რეფორმა და ოპოზიციის მიერ მეტი საპარლამენტო ზედამხედველობა პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა გახდეს.
ორივე ზიანის მომტანმა ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა, უნდა შეწყვიტოს შემდგომი ჩარევა. საჭიროა, რომ უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკავშირმა იმოქმედონ საქართველოში. არ შეიძლება, რომ რეგიონში მომდევნო კრიზისის დროს ჩვენ იქ არ ვიყოთ. ევროპარლამენტი, ჩემი ჩათვლით, მზად არის ამ გზაზე გასაძღოლად“.
ანა ფოტიგა – პოლონეთი, ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფი:
„მე ათწლეულების განმავლობაში ვუჭერდი მხარს საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამას კვლავ ვაგრძელებ, მაგრამ მოვიდა დრო, რომ ჩემი უღრმესი შეშფოთება გამოვხატო.
2019 წლის ივნისიდან მოყოლებული, იმდენი ცუდი ამბავი გავიგეთ თბილისიდან, ერთი გამონაკლისის გარდა და ეს იყო გასული წლის 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
ცუდი ამბების კულმინაცია იყო არჩევნების შემდგომი პერიოდის მოვლენები და ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი და მისი ლიდერის თვითნებური დაკავება.
პრეზიდენტ მიშელის მედიაციის იმედი მაქვს და ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებ ახლადდანიშნულ ევროკავშირის წარმომადგენელს თბილისში. ჩვენ ყველამ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა ხელი შევუწყოთ დიალოგს, რასაც, შესაძლოა, ახალი ინკლუზიური არჩევნები მოჰყვეს“.
სვენ მიკსერი – სოციალ-დემოკრატები, ესტონეთი:
„მინდა გითხრათ, რომ მაშინაც კი, როდესაც პროვოკაციებს პასუხობენ, ხელისუფლებაში მყოფებმა ცივი გონება უნდა შეინარჩუნონ და არ იმოქმედონ არაპროპორციულად ან ისე, რომ კიდევ უფრო გაამწვავონ ვითარება…
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ექვსი პუნქტი, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ, სისტემურად და ზედმიწევნით შესრულდეს…
ეს ეხება საარჩევნო რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმას და მოსამართლეთა დანიშვნებს და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური უთანხმოებები დემოკრატიული საპარლამენტო დებატების ფარგლებში მოგვარდეს“.
ევროპარლამენტის წევრმა, ირლანდიელმა დეპუტატმა კლერ დეილიმ, რომელიც ერთ-ერთი იყო 9 მარტის დებატებში მონაწილე 20 გამომსვლელიდან, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე დუმილის გამო უსაყვედურა.
დასკვნით კომენტარში ჟოზეპ ბორელმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ როგორია ევროკავშირის პოზიცია საქართველოში შექმნილი რთული ვითარების გადაჭრასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, ჩვენ ვართ საქართველოს უმსხვილესი დონორები, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს კორონავირუსის პანდემიის გასამკლავებლად. და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ხელმძღვანელობით დაწყებული მედიაციის პროცესით ჩვენ უფრო მეტად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ გადავჭრათ პრობლემები და მივაღწიოთ წინსვლას პოლიტიკური შეთანხმების მიმართულებით“, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შარლ მიშელის მიერ შემუშავებული ექვსი პუნქტიდან ყველაზე ძნელად მისაღწევად ეჩვენება საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ამავე საკითხზე სავარაუდო პლებისციტის გამართვა.
როგორ აფასებენ დანიელსონის ჩამოსვლას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში
კრისტიან დანიელსონის ვიზიტის გამო მხარეები დარწმუნებული არიან, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება. არ არის გამორიცხული კრისტიან დანიელსონი მხარეებს პირველ რიგში ცალ-ცალკე შეხვდეს და უკვე შემდეგ გაიმართოს მოლაპარაკება.
უმრავლესობა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ პროცესი ნაყოფიერი იქნება და ოპოზიცია ამჯერად მაინც ულტიმატუმის ენით საუბარს არ დაიწყებს.
„ჩამოვა ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი და ეცდება სათავეში ჩაუდგეს იმ პროცესს, რომელსაც ჩემი აზრით, ძალიან რთული პერსპექტივა გააჩნია, ვინაიდან ოპონენტების მხრიდან ჩვენ ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ ულტიმატუმის ენას – რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს და მოვიდეს სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, რომელსაც სატელიტებად ჰყავს ის ანტურაჟი, რომელსაც ვითომ თავისი დამოუკიდებელი პოზიცია გააჩნია, ეს არის რეალური სურათი“,– განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინ, წინმსწრებად არ ვაყენებთ რაიმე საკითხს, რათა ეს არ იქნეს აღქმული ულტიმატუმად, ვინაიდან ეს ხელს შეუშლის მოლაპარაკების წარმოებას. მთავარი და გადამწყვეტი აქ იქნება ის, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ, ჩვენთვის ამოსავალი პრინციპი იქნება ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესი“,– განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის, დანიშვნას საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერილ პოლიტიკური დიალოგის მედიაციის პროცესში, მიესალმება საქართველოს პრემერმინისტრი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას. ასევე, მივესალმებით მისი წარმომადგენლის ვიზიტს. დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ; ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის გასაგრძელებლად და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციასა და რჩევას“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოპოზიციის ორ მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ასევე აცხადებენ, რომ პლებისციტთან დაკავშირებული ახალი იდეები აქვთ.






















