
შვეიცარიაში ჰიდრორესურსების გამოსაყენებლად იდეალური პირობებია. შვეიცარიაში 650 ჰიდროელექტროსადგური ფუნქციონირებს. წელიწადში, შვეიცარიის ჰესები საშუალოდ 36,327 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ (საქართველოს ჰესების გამომუშავებაზე დაახლოებით 4-ჯერ მეტს). აქედან 50%-მდე ელექტროენერგიას მარეგულირებელი (კაშხლიანი) ჰიდროსადგურები აწარმოებენ, დანარჩენს კი – მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დერივაციული ტიპის ჰესები და ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურები.
ჰიდროელექტროენერგიის დაახლოებით 63% იწარმოება ისეთ მთიან კანტონებში როგორებიცაა ურის, გრისონსის და ვალეს კანტონი, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიისა გენერირდება აარგაუს და ბერნის კანტონში.
ამ ეტაპზე, შვეიცარიაში ელექტროენერგიის წარმოების თითქმის 56% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. შესაბამისად, ჰიდროენერგია არის შვეიცარიის განახლებადი ენერგიის მთავარი წყარო.
ელექტროენერგიის გამომუშავებაში ჰიდროენერგიის წილის ალბათ გაიზრდება, განსაკუთრებით 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ. შვეიცარიელი მოსახლეობის უმრავლესობამ ატომური სადგურების თანდათანობით ჩანაცვლებას და ჰიდროელექტროსადგურებზე და სხვა განახლებად ენერგიებზე დამოკიდებულების გაზრდას დაუჭირა მხარი.
ვახტანგ ჭარაია, ეკონომისტი:
„არასწორად მიმაჩნია პოზიცია „ჰესები გვანგრევენ და მათი მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ეს შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს“. ეს რომ ასე იყოს, შვეიცარიაში არ აშენდებოდა 700 ჰესი, რომლის 90%-ზე მეტი 10 და მეტი მეგავატის სიმძლავრისაა, მათ შორის – ათეულობით გიგანტური ჰესი, რომლის დარი საქართველოში მხოლოდ 1 გვაქვს – ენგურჰესი. სეისმურად აქტიური მდებარეობა გვაქვსო, – მესმის ხშირად… მოდით, იაპონიას შევხედოთ, რომლის სეისმურ აქტივობასთან ახლოსაც კი არ ვართ, საბედნიეროდ და სადაც დღესაც კი აშენებენ მაღალკაშხლიან ჰესებს. მოდით, შევთანხმდეთ, რომ იაპონელებზე და შვეიცარიელებზე მეტად არ შეგვტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე და მის გარემოზე. თუ ვიხელმძღვანელებთ პოზიციით «არაფერი აკეთო და შეცდომაც არ მოგივა», არაფერი გამოვა. თუ გასაუმჯობესებელია ჰესის პარამეტრი, იდავონ შესაბამისმა პირებმა ამ კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ ყველაფერს გარემოს ნუ გადააყოლებენ, თანაც ეკონომიკური გათვლების არასწორად მოშველიებით.
ენერგოუსაფრთხოებასთან ერთად, 800 მილიონიანი ინვესტიცია – ეს არა მხოლოდ 1600 ქართველის მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმება, არამედ ბიუჯეტში გაზრდილი გადასახადებიცაა, რომლითაც იზრდება პენსია, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა და ა.შ.“






















