19:45 | 2020-05-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

შვილებს აფხაზეთზე ოცნებაში ვზრდით – რაზე ოცნებობს თავად დევნილი, სამი შვილის დედა

შვილებს აფხაზეთზე ოცნებაში ვზრდით – რაზე ოცნებობს თავად დევნილი, სამი შვილის დედა

38 წლის თეონა ხურცილავა თემქაზე, ყოფილი გამგეობის შენობაში 90-იანი წლებიდან ცხოვრობს. ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია.

 

მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა. 260 ლარი ის თანხაა, რითაც თავი უნდა გაიტანონ. ყოფილა დღეები, როცა პურიც კი არ ჰქონიათ.

 

ახლაც, ასეთი დღეები უდგათ – არც პროდუქტები აქვთ და არც ჰიგიენური საშუალებები.

 

ბასილაიები სამ შვილს ზრდიან. ბავშვებისთვის მთავარი განათლების მიღება და აფხაზეთში დაბრუნებაა.

 

გაგებით ეკიდებიან გაჭირვებას, იციან, რომ მშობლებს არ აქვთ საშუალება, სხვა მათი თანატოლების მსგავსად, ყველაფერი ჰქონდეთ, რაზეც უოცნებიათ.

 

 

თეონა საკერავ მანქანაზე ოცნებობს. ასე შეძლებს თავის შვილებს ყველა ოცნება აუსრულოს და თან სახლიდან იმუშაოს.

 

„აფხაზეთიდან დევნილები ვართ მეც და ჩემი მეუღლეც, სამი შვილი გვყავს. სანამ აფხაზეთს დავკარგავდით, ყველაფერი კარგად იყო. იქ არავის გვიჭირდა.

 

ომის დროს, ფეხით წამოვედი. იმდენი შიმშილი და ტკივილი გამომივლია, ვერავინ წარმოიდგენს.

 

ქმრის ოჯახი აფხაზეთში დარჩა. გასულ წელს მამამთილი დამეღუპა, მეუღლე ჩავიდა და იქ დედას უვლის. მარტო დარჩენილ ქალს უპატრონოდ ვერ ვტოვებთ.

 

ომის დღეების შემდეგ, ეს ყოფა ისეთივე მძიმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან ძნელია, როცა შენს შვილებს აკლებ ყველაფერს.

 

დევნილმა დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ განათლება მქონოდა, მაგრამ სამი შვილის გაზრდას შევალიე ის დრო, როცა კარიერაზე უნდა მეფიქრა.

 

მადლობა უფალს, რომ ბავშვებმა გამიმართლეს. ფრიადოსნები არიან. სულ წიგნებს ითხოვენ. როცა სოციალური დახმარება გვერიცხება, თუ აქციაც დაემთხვა, ვყიდულობთ ფასდაკლებულ წიგნებს.

 

 

ჩემი უმცროსი ბიჭი სტიქაროსანია. ღვთისმოშიში, სწავლას მოწყურებული და წესიერი ბავშვები არიან. მათ აფხაზეთზე ოცნებაში ვზრდით. იმედი აქვთ, რომ დავბრუნდებით…

 

მანამდე კი იციან, რომ ბევრი უნდა ისწავლონ. არ მინდა ვინმეზე დამოკიდებულები იყვნენ. გზას თვითონ გაიკვლევენ ცხოვრებაში, ჩვენ განათლების ფასი კარგად გვესმის.

 

იმის გამო, რომ წესიერად მინდა შვილების გაზრდა, ვცდილობ სახლიდან ვიმუშაო. ამიტომ, ჭრა-კერვის კურსს გავდივარ.

 

წარმომედგინა, რომ სახლში მივიღებდი კერძო შეკვეთებს და ჩემს ოჯახს მივხედავდი, მაგრამ, მთავარი რამ არ მაქვს, ესაა საკერავი მანქანა.

 

 

ბევრი რამ აკლიათ ჩემს შვილებს, ბიჭი თავის საწოლზე ოცნებობს, გოგონები – ტანსაცმლის კარადაზე. სამივე ერთად კი, წიგნების თაროებზე.

 

მინდა, ჩემი პროფესია გამოვიყენო და მათ ყველა ოცნება ავუსრულო.

 

ბასილაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს N1 ჩოგანი დაკითხონ - რა ინფორმაციას ფლობს ჯოკოვიჩი
2020-05-28ბასილაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს N1 ჩოგანი დაკითხონ - რა ინფორმაციას ფლობს ჯოკოვიჩი

 

სოციალური დახმარება 260 ლარი გვერიცხება. ამ თანხას კომუნალურ დავალიანებებსა და საკვებზე ვანაწილებ. სხვა რამისთვის თანხა არ გვრჩება.

 

ყოფილა დღეები, როცა ბავშვებისთვის საჭმელი და ჰიგიენური საშუალებები არ მქონია. ეს საშინელი განცდაა ყველა ქალისა და ყველა დედისთვის.

 

ახლა, ჩემი ქმარიც რომ აქ არაა და ვერაფერს აკეთებ, პროდუქტები და სარეცხი საშუალებები ნამდვილად არ მაქვს.

 

აი ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდე, სწორედ ამიტომ მინდა დასაქმება, რისთვისაც ჩვენი ოჯახისთვის სანუკვარი ნივთი – საკერავი მანქანაა საჭირო.

 

ამას ვერ ვიყიდი, რადგან მინიმალური ფასი 300 ლარია. მთელი ჩვენი შემოსავალი კი 260 ლარია. მთელი თვის განმავლობაში პურიც რომ არ ვიყიდო, მაინც არ ეყოფა.

 

მჯერა, რომ ღვთის შეწევნით ამასაც შევძლებთ და კეთილი ადამიანები გამოჩნდებიან. მერე ჩემი ცხოვრების გზას შედარებით ადვილად გავიკვლევ.” – ამბობს თეა ბასილაია.

 

„მარტოხელა დედამ ქუჩის ლამპიონს ელექტრო ღუმელი მიუერთა, პური რომ გამოეცხო“ - ქველმოქმედი გოგო საზოგადოებას მძიმე ისტორიებს უყვება
2020-05-24„მარტოხელა დედამ ქუჩის ლამპიონს ელექტრო ღუმელი მიუერთა, პური რომ გამოეცხო“ - ქველმოქმედი გოგო საზოგადოებას მძიმე ისტორიებს უყვება

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X