
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი რალისტი და ქალთა რალის დამფუძნებელი ვერა მურღულია შვილებთან, ძმასთან და დედასთან ერთად ჩამოვიდა.
ის ფართო საზოგადოებამ გასულ წელს, ქალთა რალის ჩატარებით გაიცნო. ახლა ვერა მურღულია ოჯახთან ერთად სარფში, საკარანტინო სივრცეში იმყოფება და ამ ვადის გასვლის შემდეგ, საშემოდგომო რალის ორგანიზებისთვის მუშაობას შეუდგება.
როგორ ცხოვრობს საფრანგეთში, რა მიზნები აქვს და ვინაა ჯორჯია – ამ კითხვებზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„საფრანგეთიდან 1 ივლისს, შუადღისას სამ შვილთან, დედასთან და ძმასთან ერთად გამოვედი, 4 ივლისს დილით სარფის საბაჟოსთან ჩამოვედით.
სავარაუდოდ, მანქანით შემოსულები ერთ-ერთი პირველები ვართ. საზღვარზე ერთმანეთს ეკითხებოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, ამასობაში ორი საათი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რიგში პირველები ვიყავით. მერე ავტობუსში უამრავ ადამიანთან ერთად მოგვათავსეს და გონიოში, სასტუმროსკენ გავემგზავრეთ, საკარანტინო სივრცეში. მანქანით მისვლა იმ სასტუმრომდე უფრო უსაფრთხო იყო. ამდენ ადამიანთან შემხებლობა ყველა ლოგიკით უფრო საშიშია.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვითხოვდი თვითიზოლაციაში გადასვლას, მაინც კარანტინის რეჟიმში გადმოგვიყვანეს. ყველა პირობა გვაქვს, უსაფრთხოების წესები თვითიზოლაციის შემთხვევაში, შევასრულოთ, სწორედ დღეს ჯანდაცვის სამინისტროდან დამირეკეს და მაცნობეს, რომ ორ დღეში განიხილავენ და მაცნობებენ, დავრჩებით კარანტინის რეჟიმში თუ გადავალთ თვითიზოლაციაში.

ჩემი მეუღლე ფრანგი იყო. ის სამი წლის წინ გარდაიცვალა. ბავშვები სკოლაში იქ სწავლობენ, თუმცა შესაძლოა, თბილისში გადმოვიდეთ საცხოვრებლად. საქართველოში ორ-ორი კვირით ოთხჯერ მაინც ჩამოვდივართ.
ჩემი დაბადების დღისთვის მარტის თვეში ძმა და დედა ჩამოვიდნენ, იქ ჩაიკეტა ყველაფერი და ჩარჩნენ. ოთხი თვე ასე გავატარეთ. ჩემი უფროსი 12 წლის გოგონას, ჯორჯია დავარქვი, ვინმემ არ მითხრას პატრიოტი არ ხარო, ტყუპები 8 წლისანი ხდებიან. აქ დიდი გეგმებით ჩამოვედი. გასულ წელს, ოქტომბერში, საქართველოში რალი ჩავატარე, რომელშიც მონაწილეობას ქალები იღებენ. ამიტომ, ახლა საქართველოში უნდა ვყოფილიყავი, 1500 კმ. უნდა დავფაროთ ტურნირისას.

ამ მარშრუტის დაგეგმვას დრო სჭირდება ცხადია. მონაწილეობისთვის კანადიდანაც კი მოდიან. რაც შეეხება ჩემს კავშირს მანქანით გატაცებასაც, ეს მამისგან მომყვება. ის საბჭოთა კავშირის რალის არაერთ გზის ოქროს თასის მფლობელი იყო. ჩემი ძმა ოფროუდერია, ერთ-ერთი დამფუძნებელი ოფროუდერთა გაერთიანების. რამდენჯერმე მისი შტურმანიც ვიყავი.
როცა მეუღლე გარდაიცვალა, მივხვდი, რომ ცხოვრებაში რაღაცები უნდა შემეცვალა, რათა დეპრესიისგან თავი დამეცვა. გადავწყვიტე, მაროკოს ერთ-ერთ ცნობილ რალიში მონაწილეობა მიმეღო, 320 ეკიპაჟი მონაწილეობდა, საჰარაში იმართება.
მონაწილეობა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შევძელი და 33 სპონსორი მოვიპოვე, ასე ვიასპარეზე მაროკოში, რაც დიდი გამოწვევა და კარგი გამოცდილება იყო. როცა მაროკოდან საფრანგეთში ვბრუნდებოდი, გემზე ვფიქრობდი, საქართველოს პეიზაჟების პატრონს, რატომ არ უნდა დამეფუძნებინა მსგავსი ფედერაცია ჩვენს ქვეყანაში?!
დავუკავშირდი ავტოსპორტის ფედერაციას, რომლის წევრიც ვარ. ჩემი იდეა ყველას მოეწონა. სპორტის სამინისტროდან რალის ლიცენზია მოვიპოვე. წინა წლის გამოშვება დიდი წარმატებით ჩატარდა. ძალიან მინდა ამის გაგრძელება, რადგან ქართულ რეალობაში უპრეცედენტო მოვლენაა – ქალთა საერთაშორისო რალის ჩატარება.
ჩემი მიზანია, დავამსხვრიო სტერეოტიპი და საზოგადოებას ვაჩვენო, რომ ავტომობილის მართვა შეიძლება ქალებისთვის გატაცება იყოს. რალის ფარგლებში ჩვენ ჰუმანიტარული მისიაც გვაქვს. მონაწილეები ხელცარიელები რეგიონებში არ მივდივართ. წიგნები, ჰიგიენური საშუალებები, ტანისამოსი და სათამაშოები დარიგდება კახეთში, ბორჯომსა და ზუგდიდში.
საქართველოში ჩვენი გენერალური სპონსორები არიან ლენოვო, კურორტი საირმე და ჯეოლენდი, ციკოლიას საათები და „ნინელი“, რომელიც მონაწილეებს დააჯილდოებს.
სტარტს თბილისში რედისონთან ავიღებთ და დავაფინიშებთ რედისონ ბათუმის პარკინგზე. მიხარია, რომ ამ წამოწყებას საქართველოში დაინტერესებით შეხვდნენ და ქალთა ავტოსპორტის ფედერაციები ეკიპაჟებს გვიგზავნიან.
მონაწილეობა ქართველებისთვის უფასოა, ხოლო უცხოელებისთვის, რა თქმა უნდა, ფასიანია.” – ამბობს ვერა მურღულია.























