18:30 | 2021-04-27 ავტორი: რუსა ღვანიძე

„სიყვარული არის, როცა ულაპარაკოდ დათმობ შენს სიცოცხლეს, ყველაზე ძვირფასს“… – ლეგენდარული არტისტი კახი კავსაძე გარდაიცვალა

„სიყვარული არის, როცა ულაპარაკოდ დათმობ შენს სიცოცხლეს, ყველაზე ძვირფასს“… –  ლეგენდარული არტისტი კახი კავსაძე გარდაიცვალა

დღეს, სახალხო არტისტი კახი კავსაძე გარდაიცვალა. 85 წლის მსახიობი, ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, მას 2020 წლის 28 ნოემბერს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ის ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

 

Нет описания.

 

გამოჩენილი ქართველი მსახიობი, ხშირად იხსენებდა მის და ბელა მირიანიშვილის ლეგენდად ქცეულ სიყვარულის ისტორიას, იმ გრძნობებზე საუბრობდა და წერდა, რომლითაც, როგორც თავად ამბობდა, მთელი ცხოვრება იცხოვრა:

 

„რა არის სიყვარული?

 

– სიყვარული არის, როცა ულაპარაკოდ დათმობ შენს სიცოცხლეს. ყველაზე ძვირფასს რომ დათმობ – ეს არის სიყვარული… მე მიყვარხარ – იტყვიან… რა მიყვარხარ… რას ჰქვია მიყვარხარ.
საქციელში და ქმედებაში უნდა იყოს ეს გამოხატული…

 

 

როცა შენ, ყველაზე ძვირფასს დათმობ, აი, მაშინ ამბობ თურმე – მიყვარხარ!…

 

მე ბელას ისე ვაღმერთებდი, რომ არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი. არასოდეს მითქვამს – მე შენ „მიყვარხარ“. ამის თქმა როგორ შეიძლება? ისე ვიქცეოდი, რომ უნდა მიმხვდარიყო. მე ვიცოდი, რომ ის ჩემთვის მოკვდებოდა და მან იცოდა, რომ მე მისთვის მოვკვდებოდი.

 

ბელა! – ვეძახი უნებურად, ძველი ჩვეულებისამებრ… არავინ მეხმაურება. ან როგორ მიპასუხებს მარადისობიდან?! 54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. მაშინ 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ, ცალხელა დავდივარ, არა მთლიანი, არამედ – ნახევარი. კაცის სხეულის ნაწილია ქალი, იგი ხდის კაცს მთლიანს – ეს ქალის ფენომენის გაცხადებული საიდუმლოებაა.

 

ზოგჯერ კაცს ხელი ულპება და აუცილებლად უნდა მოიჭრას, ეჩვენება, რომ ის ქალი ზედმეტია და ტოვებს მას… მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა. ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა.

 

„ვერ გავძეხი მისი სიყვარულით,რომელიც პატარა უფლისწულივით ფაქიზი და ნაზია!“ - დღეს ბელა მირიანაშვილი 83 წლის გახდებოდ
2021-04-01„ვერ გავძეხი მისი სიყვარულით,რომელიც პატარა უფლისწულივით ფაქიზი და ნაზია!“ - დღეს ბელა მირიანაშვილი 83 წლის გახდებოდ

 

ხშირად მაგრძნობინებდა, თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ – რა უფლება მქონდა მისი აზრი არ გამემართლებინა?! – ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ… ეს ძალზე ინტიმურია. როცა საყვარელი ადამიანი მიდის ამქვეყნიდან, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. ის კი არა და არ ჩანს…

 

კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება. ნათლად ვიხილე – თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო – მის მხარეს და არ გამოუშვეს ჩემთან, რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს…

 

მეორედ ისევ მეზმანა – ვეებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა, საოცრად მშვიდად…

 

 

ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის…

 

ხალხს უთქვამს, წუთისოფელი წუთისააო – ბრძენია ხალხი. მთელი ჩემი ცხოვრება თვალნათლივ მიდგას. პირველად თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში ვნახე, მესამე კურსზე ვსწავლობდი, ის პირველ კურსზე იყო. გურანდა გაბუნიას ელაპარაკებოდა (კურსელები იყვნენ და მეგობრობდნენ), გურანდამ რაღაც ეპიზოდი გაითამაშა იუმორში და ბელა გულიანად კისკისებდა.

 

დანახვისთანავე გავშტერდი, გავგიჟდი!!! მას შემდეგ, ზურიკელა ვაშალომიძისა არ იყოს, გადარეული დავიარებოდი. ამას ალბათ ერთი ნახვით შეყვარება ჰქვია.

 

მორცხვი არ ვიყავი, გოგონებთანაც არ მიძნელდებოდა ურთიერთობა, იმ გრძნობას კი საგულდაგულოდ ვმალავდი. ვერაფრით ვბედავდი, პირველი ნაბიჯი გადამედგა. საოცარი რიდით ვუფრთხოდი, ბელა ჩემს გულისთქმას არ მიმხვდარიყო.

 

ამიტომ მასთან კონტაქტს გავურბოდი, ახლოს ვერ ვეკარებოდი. მიუწვდომლად მიმაჩნდა. ისე ვაღმერთებდი – არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი.

 

მე ჩემს გრძნობებს ბელასადმი იმით ვწონიდი, რომ მისთვის ყველაფრის გაღება შემეძლო. მიფიქრია, ორი თირკმელი მაქვს, ორი ფეხი, ორი ხელი, ორი თვალი, ოღონდ მორჩეს და ყველაფერს მივცემ-მეთქი.

 

გული ხომ ერთი აქვს ადამიანს?! იმასაც მივცემდი, მაგრამ ის ისეთი იყო, დამერწმუნეთ, არ მიიღებდა. ბელა თავად იყო ღირსეული. რომ ამბობდნენ, კახი კარგი ქმარი იყოვო, სინამდვილეში ის იყო კარგი, არაჩვეულებრივი…

 

26 წელიწადი ვიყავით ერთად, ავად იყო, ვეღარ დადიოდა და მაინც ვეჭვიანობდი. მე ვინც მომწონს, სხვასაც თუ მოსწონს, ეს მანერვიულებს სწორედ… საოცრად ტაქტიანი იყო, უღირს საქციელს რომ ჩავიდენდი, არავითარ შემთხვევაში არ მეტყოდა ცხელ გულზე. როცა საბოლოოდ დავმშვიდდებოდი, მაშინ იცოდა თქმა“, – წერდა კავსაძე.

ავტორი: რუსა ღვანიძე

X