12:48 | 2020-03-17 ავტორი: Prime Time

„სირენების ხმა მესმის, ვხვდები, დროა წავიდე“ – ჩანაწერი თვითიზოლაციაში ყოფნის მე-15 დღეს

„სირენების ხმა მესმის, ვხვდები, დროა წავიდე“ – ჩანაწერი თვითიზოლაციაში ყოფნის მე-15 დღეს

ჟურნალისტი, რომელმაც 14 დღე თვითიზოლაციაში გაატარა, მე-15 დღის შესახებ წერს, როცა გადამოწმების მიზნით, ოჯახის ექიმთან მივიდა. ოჯახის ექიმთან მისული კი მოულოდნელად, ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

ექიმების ყურადღებასა და განვითარებულ მოვლენებზე, ნინი ტაველიძე თავად წერს.

 

თვითიზოლაცია, კარანტინი, ეკიპირება, დახურული ქალაქი, სასწრაფოს სირენების ხმა, COVID-19 – ახალი ტერმინები და ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე.

 

თვითიზოლაცია დღე -14, სიმპტომი – არანაირი, ტემპერატურა – 37,2.

 

იზოლაციიდან მე-15 დღეს ოჯახის ექიმს ვესტუმრე. ტემპერატურის და არანაირი სიმპტომის ფონზე ცხელ ხაზზე მაინც ვრეკავთ.

 

„გადმოვიყვანოთ მაინც, პრევენციის მიზნით“,- ერთდროულად გვესმის მე და ექიმს ტელეფონში თავაზიანი ხმა და მეც სასწრაფოს ოთახში ვუცდი.

 

ნაცნობი სირენების ხმა მესმის და ვხვდები ის დროა უნდა წავიდე.

 

ეკიპირებული სამედიცინო პერსონალი და პირველი სიტყვა- “გამარჯობა, ნუ გეშინიათ”.

 

სასწრაფოს ბოჭორიშვილის ბოქსირებულში მივყავარ.

 

მანქანიდან გადმოვდივარ – „აქეთ მობრძანდით“ მესმის ხმა და ვხედავ როგორ დამფუსფუსებს თავზე სამი თეთრხალათიანი ექიმი.

 

პალატაში შევდივარ. დამაწვინეს. წნევა, ტემპერატურა, სისხლის ანალიზი, რენტგენი ფილტვებზე.

 

ყველაფერს ყურადღებით აკვირდებიან.

 

ვინმესთან კონტაქტი ხომ არ გქონიათ? რაიმე სიმპტომი? ქრონიკული დაავადების მატარებელი ხომ არ ბრძანდებით?- მესმის ათასი კითხვა და მეც ვცდილობ არაფერი გამომრჩეს.

 

ფილტვები სუფთაა, სისხლში არაფერია, პრევენციის მიზნით, ტესტს მაინც აგიღებთ.

 

საღამოს ეპიდემიოლოგები მოდიან. ნანერვიულების სახის დანახვისას, ცდილობენ როგორმე დამამშვიდონ.

 

„არა მგონია რამე გქონდეთ. რომც გქონდეთ არაფერია საშიში, კორონა განაჩენი არაა, იკურნება, დროულად უნდა მიხედვა“.

 

ცხვირ-ხახის ნაცხს იღებენ და მიდიან. ვცდილობ დავმშვიდდე.

 

„პასუხები ხვალ იქნება- როგორც კი შევძლებთ მაშინვე გაგაგებინებთ“, – მეუბნება ექიმი და პალატიდან გადის.

 

მოლოდინის რეჟიმში ვარ… 16 მარტი …

 

დღეს, 17 მარტია. პასუხი უარყოფითია – სახლში დღეს გამწერენ…

ავტორი: Prime Time

X