
საქართველოს პროკურატურა „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება სიუჟეტს, სადაც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშული, ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
„ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების ტექსტობრივი გაშიფვრის, ჩანაწერებში მონაწილე პირთა რაოდენობის, მათი ასაკის და მათ შორის არსებული კომუნიკაციის ფორმის იდენტიფიცირების და არსებობის შემთხვევაში ჩანაწერებზე მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა.
მიღებული ექსპერტიზის დასკვნით მოხდა აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა ხმის იდენტიფიცირება და დადგინდა მათი საორიენტაციო ასაკი. კერძოდ, მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13-18 წლამდე დიაპაზონში. მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლამდე დიაპაზონში, ხოლო მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლამდე დიაპაზონში.
ფონოსკოპიური ექსპერტიზით ასევე დადგენილია, რომ აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა კომუნიკაციის ფორმა არის სატელეფონო.
კომუნიკაციის ფორმის, მოსაუბრეთა საორიენტაციო ასაკისა და მათი დაბადების თარიღების მხედველობაში მიღებით, კიდევ ერთხელ დასტურდება აუდიო ჩანაწერების მონტაჟისთვის სწორედ 2011-2012 წლებში განხორციელებული ფარული მიყუდარებების შედეგად მოპოვებული საუბრების გამოყენების ფაქტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.























