
საბერძნეთის დედაქალაქში ნეა სმირნის მოედანზე პოლიციელებმა ახალგაზრდა მამაკაცს ხელკეტით სცემეს იმისთვის, რომ იგი ცოლ-ქმარს და მათ თანხმლებ 2 ბავშვს გამოესარჩლა, რომლებსაც პოლიციელებმა, უსაფუძვლოდ, მოედნის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს და ცოლ-ქმარს 300-300 ევროს ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს.
ქალმა შეძლო ძალადობის ფაქტის გადაღება და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, აგრეთვე, დაზარალებულმა ოჯახმა მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც დეტალურად აღწერა, თუ რა მოხდა. ამ ფაქტმა ადგილობრივების აღშფოთება გამოიწვია და საპროტესტო აქციაც დაიგეგმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ გადაკეტა გზები, დაკეტა მეტროს 4 სადგური და შეაჩერა ტრამვაის მოძრაობა, რათა ხალხის შეკრება თავიდან აეცილებინა, მაგრამ უშედეგოდ…
მშვიდობიანი დემონსტრაციის დაწყებიდან 20 წუთში მონაწილეებს ლითონის წკეპლებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“, ქვებით შეიარაღებული რამდენიმე ათეული ანარქისტი შეუერთდა, რის შემდეგაც აქცია პოლიციასთან ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაჭრილია ათობით ადამიანი, მათ შორის, 3 პოლიციელი.






















