18:25 | 2020-09-27 ავტორი: Prime Time

სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ – ილჰამ ალიევი

სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ – ილჰამ ალიევი

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება წარმოადგენს აზერბაიჯანის ამოცანას და ბაქო არ დათანხმდება მის სანახევროდ გადაწყვეტას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

„ბევრჯერ მითქვამს და დღესაც ვიტყვი, რომ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი ისე, რომ აზერბაიჯანელი ხალხი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

 

მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ გვინდა ამ საკითხის, ამ კონფლიქტის არასრული გადაჭრა. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ. არაერთხელ მითქვამს, რომ არასოდეს დავუშვებთ მეორე, ასე ვთქვათ, „სომხურ სახელმწიფოს“ აზერბაიჯანის მიწაზე. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ და დღევანდელი მოვლენები ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს“ – განაცხადა ალიევმა.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

 

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა აზერბაიჯანის მხრიდანაა დაწყებული.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული ვერტმფრენისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას იტყობინება.

 

შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.

 

 

ავტორი: Prime Time

X