
ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო დიდებთან ერთად ბავშვების ყოველდღიური ცხოვრებაც შეიცვალა.
აქამდე თუ ეზოში თანატოლებთან ერთად თამაშობდნენ, ახლა სახლში მეგობრების გარეშე ახალი გასართობის მოფიქრება უწევთ.
გარდა იმისა, რომ დღის განმავლობაში მონატრებულ თანატოლებს ინტერნეტის მეშვეობით ეკონტაქტებიან, იმ ნიჭის გამოვლენის საშუალებაც ეძლევათ, რის შესახებაც აქამდე არ იცოდნენ.
მარნეულში მცხოვრები ლიზა ბოჭოიძის და მარიამ შუბითიძის თქმით, კორონავირუსმა მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და შიშსა და სტრესს გრძნობენ.
„ჩემთვის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა… შეზღუდული ვარ და მეშინია ამ ვირუსის.
ვერ ვნახულობ მეგობრებს, ვერ გავდივარ გარეთ, ონლაინ გაკვეთილები კარგია, თუმცა სკოლაში სიარული და სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში მომენატრა“, – ამბობს ლიზა ბოჭორიძე.

„ამ სიტუაციამ გარეთ გასვლის საშუალება შემიზღუდა, ვერ ვნახულობ თანაკლასელებს, გარეთ ვერ გავდივარ, მაქვს შიში არ დავინფიცირდე.
სკოლა და ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი მომენატრა, იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს ყველაფერი“, – მარიამ შუბითიძე.

4 წლის ალექსანდრე ბარბაქაძე ამბობს, რომ ენატრება ბაღში წასვლა, მეგობრები და მასწავლებელი.

„მინდა ბაღში წასვლა, ჩემი მეგობრები და მაკა მასწავლებელი მომენატრა. მინდა რომ ერთად ვხატოთ, გავაფერადოთ და ვითამაშოთ“, – ამბობს ალექსანდრე.
გორში მცხოვრები 11 წლის მარიამი მე-9 თვეა დის დაბადებას სულმოუთქმელად ელოდება.
ამასთან დაკავშირებით უფროს დაიკოს ბევრი გეგმა ჰქონდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო გეგმები ჩაეშალა.
თუმცა, დიდი დრო არ დაჭირვებია იმის მისახვედრად, რომ თავისი ხელით შექმნილი სადღესასწაულო მორთულობა ბევრად ორიგინალური შეიძლებოდა ყოფილიყო.

ბათუმში მცხოვრებმა 11 წლის ნიაკომ პირბადეების შეკერვა დაიწყო.
მის მიერ შექმნილმა სხვადასხვა ფერის ბარხატის ქსოვილისგან შექმნილმა მოდურმა და მეტად საჭირო ატრიბუტმა ბევრი ქალბატონის მოწონება დაიმსახურა.
ნიაკო პირბადეებს ნებისმიერი მსურველისთვის უსასყიდლოდ კერავს.

ნინი კი არსებულმა მდგომარეობამ თავის საყვარელ სპორტს ვერ დააშორა. იგი წლებია, რაც ტანმოვარჯიშეა.
აქვს უამრავი მიღწევა და პირველადგილოსანის წოდებაც.
საგანგებო მდგომარეობის გამო, ნინი სპოტდარბაზის ნაცვლად ილეთებს სახლში აკეთებს, ითვალისწინებს ტრენერის რეკომენდაციებსაც.
ნინის სჯერა რომ შინ დარჩენის შემთხვევაშიც ბევრ წარმატებას მიაღწევს.

წყალტუბოელ 12 წლის რეზი ლიპარტელიან ყველაზე მეტად კლასელები ენატრება. მათ ახლა მხოლოდ ონლაინ გაკვეთილების დროს ხედავს.

რეზის ერთადერთი სურვილია მალე დაუბრუნდეს სკოლას და მონატრებულ მეგობრებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი რეზის უბანში ცხოვრობს, ერთმანეთს მაინც ვერ სტუმრობენ.
ისინი ფიქრობენ რომ ახლა მთავარი სახლში დარჩენაა, იმისათვის, რომ მალე ისევ შეძლონ ერთმანეთის ხშირად ნახვა.

მზე, ლურჯი ცა და კოშკი, რომელშიც ადამიანები არიან გამოკეტილი – ეს ნახატი 7 წლის ლაზარეს ეკუთვნის.
მცირეწლოვანი ფიქრობს, რომ კოშკში გამომწყვდეული ხალხი ,,კორონას“ ემალება და აუცილებლად იხსნის მათ ვინმე უძლეველი და ყველაფერი კეთილად დამთავრდება.























