15:42 | 2021-10-10 ავტორი: Prime Time

სკოლაში 2 საათზე ველოდებოდით… ჯერ არ გვჯეროდა, ჯოჯოხეთი იყო – 9 წლის ანასტასიას მასწავლებელი

სკოლაში 2 საათზე ველოდებოდით… ჯერ არ გვჯეროდა, ჯოჯოხეთი იყო – 9 წლის ანასტასიას მასწავლებელი

“არ ვიცი, როგორ გავიარეთ ის დღე, როცა ინფორმაცია დადასტურდა. ჯოჯოხეთი იყო”,- ამის შესახებ ბათუმის ტრაგედიის დროს დაღუპული 9 წლის მოზარდის პედაგოგმა, თამილა შარაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს უდიდესი ტრაგედიაა არა მხოლოდ ოჯახისთვის არამედ მთელი საქართველოსთვის.

 

„ჩვენ ონლაინ არ ვსწავლობდით, დასწრებით სწავლა გვქონდა. ველოდებოდით ორ საათზე, მაგრამ 12:00 საათზე, გავიგეთ ამბავი, რომ ის სახლი ჩამოინგრა, სადაც ანასტასია ცხოვრობდა. ჯერ არ გვჯეროდა, მაგრამ ყველა, ვინც ახლოს იყო ანასტასიას მშობლებთან, ადგილზე მივიდა და არ ვიცი, როგორ გავიარეთ ის დღე, როცა ინფორმაცია დადასტურდა. ჯოჯოხეთი იყო. ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახსა და მთლიანად საქართველოს. ეს უდიდესი ტრაგედიაა არა მხოლოდ იმ ოჯახებისთვის, არამედ – მთელი საქართველოსთვის“, – ამბობს ბავშვის მასწავლებელი თამილა შარაბიძე.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნგრევის შემდეგ, 9 წლის მოზარდი, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, ის მაშველებმა ნანგრევებში ბიძასთან ერთად, ჩახუტებული იპოვეს. ამავე ტრაგედიას ემსხვერპლა მოზარდის მცირეწლოვანი ძმა, დედა კი საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს გამთენიისას გარდაიცვალა.

 

8 ოქტომბრის ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან სამი არასრულწლოვანია. ამ დრომდე საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას 37 წლის ზვიად თავდგირიძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დასტაბილურდა.

 

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო სულ სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირებისა და დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X