
დღეს სწავლა მთელ საქართველოში განახლდა, თუმცა დიდ ქალაქებში მოსწავლეები და აბიტურიენტები ისევ ონლაინ-რეჟიმში ესწრებიან გაკვეთილებს.
ონლაინ სწავლების გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდ ნაწილში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დედების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ნაწილი კი თვლის, ვინაიდან ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, ბავშვები სახლში უფრო დაცულები იქნებიან.
„პრაიმტაიმი“ ცნობილ მშობლებს დაუკავშირდა.
თიკა ჯამბურია: ნინას სკოლა იყო პირველი სადაც სწავლა დაიწყო 31 აგვისტოს. ბავშვები ერთი კვირა ჩვეულ რეჟიმში სწავლობდნენ, შემდეგ კი დაწესდა შეზღუდვები და დღეიდან გადავედით ონლაინზე. სიმართლე გითხრათ უშედეგოა ონლაინში სწავლა, მაგრამ რას ვიზამთ, არაფერს ასე ჯობია.
ნინას ენატრებოდა სკოლაში წასვლა, ბავშვებთან ურთიერთობა, რთულია მისთვის კომპიუტერთან ჯდომა. ახლა უფრო ცართული ვარ ჩემი შვილის მეცადინეობაში და მასთან ერთად გავდივარ პროგრამას. რთული არის ის, რომ ბევრ დავალებას აძლევენ და სჭირდება უფროსის დახმარება.

ნინი დედალამაზიშვილი: ელენე მეორე კლასში გადავიდა და ონლაინ სწავლება დაიწყო. განსაკუთრებულად ემზადებოდა კლასელებთან შესახვედრად, მაგრამ ავუხსენით, რომ ასე იყო საჭირო და ბავშვმა ჩვენი გაიგო. ენატრება მეგობრები, სკოლის რეჟიმი, მაგრამ ახლა სკოლაში სიარული ვერ მოხერხდება.

არ უჭირს ონლაინ სწავლა, მასწავლებელი და დამრიგებელი სწორად უხსნის გაკვეთილებს. მხოლოდ კლასელების დეფიციტი აქვს. ელენე პირველ კლასში იყო, როცა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა სკოლა, რაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის რთულია, მაგრამ ელენეს გაუმართლა, ბებოს (მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი) დახმარებით, სანამ სკოლაში შევიდოდა, მანამდე ისწავლა წერაც და კიტხვაც. ახლაც მთელი ზაფხული სწავლობდნენ ახალ რაღაცეებს, კითხულობდნენ და დედაჩემმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ელენეს სწავლა უყვარს და მოსწონს.
ნინო ორდენიძე: როგორ შეიძლება ონლაინ სწავლება მომწონდეს, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ არის. პატარა სურდოზეც კი არ ვუშვებ ბავშვებს სკოლაში. წავედი, ბავშვებს სასკოლოდ ყველაფერი ვუყიდე, გამოვედი და მანქანაში როცა ჩავჯექი, მძღოლმა მითხრა სწავლა გადაიდოო.
სამწუხაროა პანდემიის დროს სწავლა რომ მოუწიათ ჩემს შვილებს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

თავიდან გაუჭირდათ ონლაინ სწავლებასთან შეჩვევა, მაგრამ ჩემი უფროსი ქალიშვილი, დოდოშკა სუსტი იყო მათემატიკაში და ონლაინ სწავლების დაწყების შემდეგ, ათიანი გამოჰყვა.
ზურა ხაჩიძე: ანასტასია ყოველთვის მზად არის სწავლისთვის. მან წელს ზალდასტანიშვილის სკოლაში ჩააბარა მაღალი ქულებით, სწავლის დაწყებას განსაკუთრებულად ელოდებოდა, მაგრამ ონლაინ სწავლება გამოცხადდა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად პანდემიის დროს, შეძლო შეუძლებელი, სამი თვე ინტენსიურად ემზადებოდა და ჩააბარა პრესტიჟულ სკოლაში, სადაც მოხვედრა რთულია.
იმედი მაქვს წარმატებით გააგრძელებს სწავლა-განათლებას. ბევრს სწავლობს, დამატებით ემზადება და მუდმივად იღებს განათლებას.

ნინო ჩხეიძე: მარიკოს ძალიან მოსწონს ონლაინ-სწავლა. ოჯახში ბევრი ბავშვი არ გვყავს დედისერთაა მარიკო და ჩემთვისაც არ არის არაკომფორტული მისი ონლაინ-სწავლა. ის უცხო ენებს და პილატესსაც ონლაინ სწავლობს. მოერგო ამ რეჟიმს და უფრო მეტ რამეს ასწრებს.
დამწყებ ბავშვებს ალბათ უფრო გაუჭირდებათ ამ ფორმატში სწავლა, მარიკო კი უკვე მეათე კლასშია.
გუშინ დაგვეწყო სწავლა, დილის 9 საათზე ადგა და გაპრანჭული დაჯდა კომპიუტერთან. პანდემიის პერიოდი მარიკოს ტიპაჟს მოერგო, გრაფიკული დიზაინიც შეისწავლა და ნაყოფიერად გამოიყენა ეს პერიოდი.
























