00:27 | 2021-04-02 ავტორი: მარი ჯაფარიძე

სოფელ ვეჯინში, 35 წლის შემდეგ გახსნილი შვილის საფლავი დედას ცარიელი დახვდა

სოფელ ვეჯინში, 35 წლის შემდეგ გახსნილი შვილის საფლავი დედას ცარიელი დახვდა

 

ლელა მოსიძემ 1985 წლის 1 მაისს, გურჯაანის სამშობიაროში შვიდ-თვიანი გოგონა გააჩინა.

 

როგორც თავად ლელა ამბობს, ბავშვის დაბადება გაატარეს როგორც აბორტი, რადგან უთხრეს, რომ ბავშვს ფილტვები არ გაეხსნა. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეჭვობს, ბავშვი გარდაცვლილი არ არის და ის ექიმებმა გააშვილეს. მან ცოტა ხნის წინ შვილის საფლავიც კი გახსნა, რომელიც ცარიელი დახვდა.

 

 

„სავარაუდოდ, ბავშვი კახეთის ზონაშია გაშვილებული. როცა ვიმშობიარე, მაშინ ვიყავი 15 წლის და დედამ ექიმს უთხრა, არ მაინტერესებს ბავშვი, მთავარია, ჩემი შვილი გადარჩეს და კარგად იყოსო.

 

დიდი ალბათობით, ბავშვი გაშვილებულია. არ ვიცი, საიდან დავიწყო მისი ძებნა“.

 

სამშობიაროდან ჩვილის ცხედარი ყუთით გამოატანეს და ოჯახმა ის წინაპრის საფლავზე ისე დამარხა, რომ ყუთი არ გაუხნიათ. სამარხის ადგილზე კი მოზრდილი, ბრტყელი ქვა დადეს, ნიშნად.

 

„28 მარტს გავხსენით საფლავი, ნასახიც არაა ჩვილის – საერთოდ არავითარი ნაშთი… 35 წლის შემდეგ გახსნილი შვილის საფლავი ცარიელი დაგვხვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამშობიაროდან გამოტანებულ ყუთში ბავშვი არ იყო, რა გამოგვატანეს რა დავასაფლავეთ, არ ვიცით…

 

 

გთხოვთ, შეიძლება სხვა წელშიცაა ჩემი ბავშვი გატარებული დაბადების მოწმობაში – 984-85-86 წლებში, გურჯაანის სამშობიაროში დაბადებულ შვილს ვეძებ“…

 

სამშობიაროს თანამშრომელსა და ექიმებს შევხვდი, რაღაცების დასადგენად. ბუნებრივია, მეუბნებიან, შევწყვიტო ეს ყველაფერი, დავმშვიდდე და გავაგრძელო ცხოვრება“. – ამბობს ლელა მოსიძე „პრაიმტაიმთან“.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X